„ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში კოლექტიური „ნაცმოძრაობა„ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად,“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომელმაც ბრიფინგი დღის პირველ ნახევარში გამართა.
ირაკლი კობახიძეს ოპოზიციამ უპასუხა, მათ მმართველ პარტიასთან კონტრბრალდებები აქვთ და “ქართულ ოცნებას“ რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, ამის დასტური საქართველოში საკრუიზო ლაინერის შემოსვლაა.
“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს. „ლელოს“ საერთო არაფერი გააჩნია არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც სხვა პარტიებთან, რომელსაც ის ახსენებს. მხოლოდ „ქართული ოცნება“ ხედავს ამ ქვეყანაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ომს, ქაოსს და რევოლუციას და თუ დავაკვირდებით, სხვა არავინ, მათ გარდა, რეალურად, არ საუბრობს ამ საკითხებზე. ჩვენ ყველანი ვართ მოწადინებული იმაზე, რომ განახლდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკა, რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ,“ – აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ ნამდვილად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ამ საკითხზე აქცენტი არ გაამახვილოს.
„ბატონო ირაკლი, თუ ეს ასეა, თუ ჩვენ არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენთ იმ მხრივ, რომ არ გეშინიათ, რატომ აკეთებთ ყოველ დილა, შუადღეს, საღამოს, ნაშუადღევს ამ განცხადებებს. ეტყობა თქვენზე ეს მოქმედებს; ან თქვით, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა „ნაცმოძრაობა“ და გეშინიათ, ან ჩამოყალიბდით, რომ არაფერს წარმოადგენს და მაშინ კომენტარებს ნუ აკეთებთ,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს „არასერიოზულს და სულელურ გამონათქვამებს“ უწოდებს.