15 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა

ჩენგდუ-პეკინი-ალმაათა - ჩინეთში პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დასრულებისა და ეკონომიკურ გიგანტთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით, დღეს, ყაზახეთში ჩავიდა. ალმათის საერთაშორისო აეროპორტში, პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობას უფრო მეტად გააძლიერებს. ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. ყაზახეთის პრემიერ მინისტრმა ტვირთების გადაზიდვის პროცესში მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა. ალიხან სმაილოვმა ყურადღება ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაზეც გაამახვილა.

ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ყაზახ კოლეგასთან შეხვედრის შეჯამება. ირაკლი ღარიბაშვილმა, ალიხან სმაილოვის საქართველოში ვიზიტისას მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ივნისში, ყაზახი კოლეგის სტუმრობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ორი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.სწორედ ივნისში საქართველოში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა ხელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს და ქართულ-ყაზახურ კომპანიებს შორის შეთანხმებას. განხილვის მთავარი თემა იყო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, "" შუა დერეფნის"" მიმზიდველობის გაზრდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, განსაკუთრებული ყურადღება შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანს, საქართველოს და ყაზახეთს და რომლის მიზანია გაზარდოს ამ მარშრუტის მიმზიდველობა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. დერეფანი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს ევროპას უკავშირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშიც ისაუბრა და ყაზახ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ შუა დერეფნის განვითარებისთვის, შემუშავებული ხუთწლიანი საგზაო რუკა იყო.

შუა დერეფნის გაფართოების საკითხში, ჩინეთ-საქართველოს როლზე იყო საუბარი, ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშიც. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მაღალი დონის პოლიტიკური და კულტურული შინაარსის შეხვედრები გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი, ჩენგდუში ფისუს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქალაქ ჩენგდუში უმასპინძლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.ჩინეთ საქართველოს საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა პრემიერმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე, რომელმაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას გულისხმობს.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა, მმართველი გუნდის შეფასებით ისტორიული შედეგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეკონომიკურ გიგანტთან, სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა მთავრობებს შორის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს შორის, ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა განათლების სამინისტროებს შორის. კიდევ ერთი მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ ბიზნესფორუმშიც და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემდეგ, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება.

დღის ამბები