15 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
პოლიციელების მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების ავტორები დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილან - რა განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში

"მოძალადე აქციის მონაწილეების მხარეს იჭერს ხოლმე ზოგიერთი თავისი განცხადებებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორი მხარე დაიჭიროს ყველამ" - სწორ მხარეს დგომას პარლამენტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესა და ოპოზიციის იმ ნაწილს ურჩევს, რომლებმაც სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს საპროტესტო აქციებზე მათი ქმედებებიც შეახსენა, პოლიციას კი მოთმინებისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

გივი თარგამაძემ სამართალდამცველების მიმართ მუქარის შემცველი განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. თარგამაძის შემდეგ, პოლიციელების მიმართ დამამცირებელი განცხადებები გუბაზ სანიკიძემაც გააკეთა.

პოლიციის შეურაცხყოფა და მათზე მუქარა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურთ, თუმცა, არც სამართალდამცველების მიმართ მუქარას გმობენ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ არც გივი თარგამაძის პოსტი უნახავს და არც გუბაზ სანიკიძის ერთ-ერთ ეთერში გამოსვლა მოუსმენია. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავეს "სტრატეგია აღმაშენებელში", თუმცა თქვეს, რომ პოლიციის მუშაობა არ მოსწონთ .

გივი თარგამაძისა და გუბაზ სანიკიძის განცხადებები არ მოსწონს ოპოზიციის მეორე ნაწილს. მათი შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გაანალიზა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულები.

ოპონენტების გამოსვლები დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც შეაფასა. ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალაა, რაც მათი წევრების განცხადებებსა და მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებში ვლინდება.

თავად პოლიციელების მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების ავტორები დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილან და დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებიათ.

დღის ამბები