"ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული ციტატა არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას" - ფეისბუქ-გვერდი "სინამდვილეში" განცხადებას ავრცელებს.
"შოვში, დამანგრეველი სტიქიის ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდა ყველა საშუალებით აგრძელებს ბინძური ტყუილების ტირაჟირებას. ამჯერად სოციალურ ქსელში გამოჩნდა FB ჯგუფი, სადაც მმართველი გუნდის ლიდერების სახელით გაუგონარი დეზინფორმაცია ვრცელდება. რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის სამიზნე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა.
სინამდვილეში, აღნიშნულ FB ჯგუფში, ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული ციტატა არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს!
სამწუხაროდ, მსგავს დეზინფორმაციაზე დღემდე სდუმან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: ისფედი, მედიის განვითარების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ფაქტჩეკი და აიფაქტი, რომლებიც მილიონობით დაფინანსებას იღებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რეალურად, აღნიშნული მდუმარე ენჯეოების პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად შეესატყვისება "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს და გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს, ნებისმიერი საშუალებით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად მათ ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ესახებათ.
მხოლოდ ეს ხუთი ორგანიზაცია უცხოეთიდან წელიწადში 10 მილიონზე მეტს იღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.