შვიდი თუ რვა აგვისტო - ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავს პოლიტიკოსები ისევ განსხვავებულ თარიღებში აღნიშნავენ. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შვიდ აგვისტოს მიდიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. "ქართული ოცნება" კი ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და წინა წლების პრაქტიკით თარიღს სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ.
აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მთავრობის განკარგულებით დროშები დაშვებული მთელი ქვეყნის მასშტაბით რვა აგვისტოს არის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ციფრებით მანიპულირება რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა.
"რუსეთთან არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს არ გვქონდა მხოლოდ ომი. სამწუხაროდ, დიდი ხანია გვაქვს ეს პრობლემა რუსეთის ფედერაციასთან. რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს 7 აგვისტო თავად რეზოლუციაში წერია, გარდა ამის არსებობს სააკაშვილის ბრძანებულებას, სადაც პირდაპირ ახსენებს 8 აგვისტოს, როდესაც მოხდა რუსული ჯარების შემოსვლა კონკრეტული ადგილიდან. ციფრებით მანიპულირება არის ხელწერა ამ რადიკალური ოპოზიციის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყურადღება თარიღის ნაცვლადვე საკითხის მნიშვნელობა უნდა მიექცეს.
"თვითონ ოკუპაცია თუ თვითონ ეს ამბავი უფრო ნაკლებად გაწუხებთ, ვიდრე ცალკეული სიმბოლოები, როგორიც არის შვიდში დაიწყო თუ რვაში დაიწყო. ამაზე კამათი, რომ არ დაიწყოს არა მგონია ამით რამე დაუშავდეს საქართველოს. რაც შეეხება საკითხს - შეფასება უნდა მიეცეს სწორედ იმას, რაც მოხდა აგვისტოში, სულ ერთი რომელ დღეს დაიწყო. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე მეტი ყურადღება მართებს ოპოზიციას, ვიდრე თემების მოგონება, რომლითაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას რამე დააბრალონ, თუმცა ძალიან მალევე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ბრალდებები, რომელსაც ხელისუფლებას უყენებენ რეალურად საფუძველს მოკლებულია ხოლმე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.