საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2013 წელს ყველა სახელისუფლებო ბერკეტი დაკარგეს, გადაწყვიტეს, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ გარდაცვლილებს პატივს, არამედ მარტო და მალულად.
პაპუაშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლის ომიდან 2013 წლამდე 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს დაღუპულებს.
"მინდა თარიღის საკითხსაც შევეხო, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის ომში დაღუპულების ხსოვნას. ყველას ხსოვნას მივაგებთ პატივს, 6 აგვისტოს დაღუპულ სამშვიდობოებს, 9 აგვისტოს ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს დაღუპულ შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას ვინც ამ ომში დაიღუპა.
ეს თარიღებით მანიპულაცია, რა თქმა უნდა ძალიან არასწორია. საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას.
თავად "ნაციონალური მოძრაობა" მანამ სანამ ის იყო ხელისუფლებაში და სანამ ხელისუფლების ყველა შტო არ დაკარგა 2013 წელს, მანამ ყოველთვის სწორედ 8 აგვისტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ყველა ბერკეტი დაკარგეს, რატომღაც მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს, არამედ მარტო და მალულად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.