15 წელი 8 აგვისტოს რუსული აგრესიიდან. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი 130 ათასამდე დევნილი, დაბომბილი გორი, ფოთის პორტი და სოფლები, განადგურებული ობიექტები, დაკარგული დასახლებები - ასეთი იყო ომის შედეგი.
ინტენსიური ბრძოლები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას. 15 წლის შემდეგაც, ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.
2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ხსოვნის პატივსადებად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ ყველა ქართული ოჯახის შვილი ამ გმირების მაგალითზე უნდა გაიზარდოს.
"ვართ იმ ადგილას, სადაც ყველაზე მძაფრად გვახსენდება ჩვენი გმირები და ის, თუ ვის მაგალითზე უნდა ვასწავლოთ შვილებს ცხოვრება, გმირობის მაგალითზე, სამშობლოს მაგალითზე და როდესაც აქ გამოივლი, ამ ყველაფერთან დაკავშირებით განსაკუთრებით ფიქრობ, განსაკუთრებული ემოციაა. განსაკუთრებული ემოციაა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც აგვისტოს ომში თავისი შვილი დაკარგეს და მათთან ურთიერთობა ემოციის გარეშე არასდროს არ ჩაივლის, დღესაც ასე ხდება და მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირებს პატივი მივაგო და ყველა ქართველს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მათ მაგალითზე უნდა გაიზარდოს ყველა ქართველი და ყველა ქართული ოჯახის შვილი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.