"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებისა და მმართველი გინდის სხვა წევრებთან ერთად პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას უღალატა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, "ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ."
"მთავარი არის შედეგები, უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით. თქვენ იცით, რომ 2004-12 წლებში, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოში, რაც გამოიხატა პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამ ღალატს ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, მათ შორის შემიძლია გავიხსენო კანონი, რომელიც მათ მიიღეს ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე, რითაც აღადგინეს ძველი საზღვრები, კომუნისტების დროინდელი საზღვრები, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების დროს იქნა გაუქმებული, ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები.
ეს იყო ღალატი, რომელიც განგრძობით ხასიათს ატარებდა და ამ ღალატის საბოლოო კულმინაცია იყო საბოლოო ჯამში ის, რომ რუსეთმა მოახერხა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობა და რასაც ჰქვია სააკაშვილის რეჟიმი. მაშინ ჩადენილ იქნა ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა, ამაზე მეტი ღალატი ხომ არ არსებობს? ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ.
შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში დააინიცირეს, ომამდე ერთი თვით ადრე და ომიდან ერთ თვეში მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ ღალატის, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.