"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აარიდებს აგრესიას" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში მედიასთან განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის გმირებს მიაგო პატივი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა, დაიწყო მანამდე და გრძელდება დღემდე.
"ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, აგრესორი საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებთან შორს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია და ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აარიდებს აგრესიას.
ეს ომი არ დაწყებულა არც 7 აგვისტოს და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ეს ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და ანექსიით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი კვადრატული სანტიმეტრი მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს.
ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში და რომელიც 1801 წელს დაიწყო, თარიღები მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ, რა, როდის დაიწყო და რა გააკეთა, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, რომ დაემტკიცებინა 2021 წელს, სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში, რომ სწორედ რუსეთი იყო აგრესორი, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და 5 თვის წინ, ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს ჰონდა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. რა, მაშინ ომი არ იყო? ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა, დაიწყო მანამდე და გრძელდება დღემდე.
მიხეილ სააკაშვილმა თავად და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად დააწესეს ეს დღე, როგორც დღე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თარიღში დაღუპულებისთვის პატივის მიგებას. სწორედ 8 აგვისტოს მივაგებთ მათ პატივს და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ტრადიცია, უკვე 15 წელია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.