დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისული პრემიერის ადრესატები ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები მოღალატეობრივი იყო. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს სააკაშვილი უპასუხისმგებლოდ და ლაჩრულად მოიქცა და მისი არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ქვეყანაში რუსული საქმე გაკეთდა. ომიდან 15 წლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი კითხვა უცვლელი რჩება - რატომ ვერ მოხდა ომის სათანადო პრევენცია და რისკების შეფასება?!
პრემიერის მსგავსად, დღეს ოპონენტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა მმართველი პარტიის ლიდერებმაც შეახსენეს. დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც სახელისუფლებო გუნდისთვის დანაშაულებრივია - ევროპის საბჭომ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. რეზოლუციის მეხუთე პუნქტში წერია, რომ ”2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფუძველი გახდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას წარმოადგენდა"
ვისი ინიციატივით და ავტორობით მოხვდა რეზოლუციაში თარიღი 7 აგვისტო - დღეს ეს კითხვაც აქტუალური გახდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კითხვაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელმა და ყოფილმა წევრებმა მედიასთან კომენტარი არ ისურვეს. თუმცა თავად მეხუთე პუნქტის შინაარსზე და თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას - საკუთარი არგუმენტები აქვთ.
პოლიტიკური დაპირისპირების თემა ომის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ სამხედრო მოქმედებების დაწყების დღე გახდა. ”ქართული ოცნებისთვის” გაუგებარია რატომ შეცვალა პოზიცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რატომ აცხადებს დღეს რომ 8 აგვისტოს ნაცვლად ომის 7-ში დაიწყო. არადა ჯერ კიდევ 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, რომელიც თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა, როკის გვირაბის გავლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა 8 აგვისტოს შემოვიდა.
"კურიერის" არქივში ინახება კადრებიც, სადაც ჩანს,რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომის მეხუთე წლისთავს - 2013 წელ სწორედ 8 აგვისტოს აღნიშნავდა. კადრების გარდა სოციალურ ქსელში სააკაშვილის ამ დღეს გამოქვეყნებული პოსტებიც იძებნება, სადაც ის წერს რომ სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.
ამ ფაქტების მიუხედავად, გენ შტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი დღეს ამბობს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს დამკვიდრება მხოლოდ ოკუპანტიო ქვეყნის სურვილია.
რუსული ინტერესების გატარებასა და მოსკოვის გავლენების გაძლიერებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს "ქართული ოცნება". პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილის მიერ გადადგმული არასწორი და მოღალატეობრივი ნაბიჯების შედეგია ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია
ომიდან 15 წლის შემდეგაც, "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ მაშინდელ ხელისუფლებამ რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა და ქვეყანა უმძიმესი საფრთხის წინაშე დააყენა.