"ნამაჰვან ჰესის" საწინააღმდეგო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გასამართლებული პირების შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს.
განცხადებაში ადმინისტრაცია პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებებს განმარტავს და აცხადებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე იღებს.
აქვე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე.
როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე.
ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას.
რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით,"- აღნიშნულია პრეხიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი შეწყალების შესახებ და პრეზიდენტის მრჩეველთან, ანგი ხუციშვილთან ამ თემაზე შეხვედრის ფაქტი, "კურიერს" თავად მსჯავრდებულ ირაკლი ჭელიძის ოჯახმა დაუდასტურა.
"ნამახვან ჰესის" საწინააღმდეგო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გასამართლებული პატიმრის ძმა ამბობს, რომ ანგი ხუციშვილთან შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ამავე საქმეზე უკვე შეიწყალა ორი მსჯავრდებული - თამაზ და თორნიკე ჭელიძეები.
კონკრეტულ ფაქტებზე და რესპონდენტების ინტერვიუებზე დაყრდნობით, "კურიერმა" რეპორტაჟი გუშინ მოამზადა.