17 ივნისი 2024,   18:53
ვრცლად
უკრაინა ომის 534 - კიევს და პარტნიორებს კონტრშეტევებზე წინსვლა აიმედებთ 

მოსკოველი მარია ივანოვა სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, განსხვავებით ბევრი უკრაინელი თანატოლისგან, 25 წლის ახალგაზრდა სამსახურში მიდიოდა, როდესაც ქალაქის ცენტრში ამოუცნობი საფრენი აპარატი შენიშნა. სიტყვა “დრონი” მოსკოვში სულ უფრო აქტუალური ხდება. რუსეთში ახლა ზუსტად იციან, თუ რას უფრთხოდა კრემლი, როდესაც ჯერ კიდევ თვეების წინ შენობებზე საჰაერო თავდაცვის სისტემები დაამონტაჟა.

იმას, რომ მსხვერპლი არ არის - ადასტურებს მოსკოვის მერიც, რომლის ბოლოდროინდელი თავისტკივილი სწორედ მის ქალაქში მოფრენილ დრონებს უკავშირდება. მხოლოდ დღეს, უპილოტო საფრენ აპარატებს არა მხოლოდ მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით ნახავდით - კარამიშევშის სანაპიროზე, არამედ მანამდეც - ოდინცოვოში,სადაც მისი ჩამოგდების შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა. ყველაფერთან ერთად, დედაქალაქის აეროპორტი ვნუკოვო დღეს ისევ დაკეტეს, ფრენები გადადეს. მოსკოვი დრონების პულტთან კიევს ხედავს, კიევში კი პასუხობენ, რომ მტერი სახლში ეძებონ.

დღეს სარაკეტო იერიში კიევზე მიიტანეს, ნამსხვრევები საბავშვო საავადმყოფოსთან ჩამოვარდა - მსხვერპლი არ არის.

თუმცა იყო ივანო-ფრანკოვოში, სადაც უკრაინელი პილოტების მისამართით ნასროლმა რაკეტამ საკუთარ სახლში მყოფი 8 წლის ბიჭი იმსხვერპლა. მსხვერპლი ჰყავდათ ზაპოროჟიესაც, სადაც სასტუმრო "რეიკარტს" რუსმა სამხედროებმა ისკანდერებით შეუტიეს და ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, დაჭრილია 16 - მათ შორის მცირეწლოვანი და მოზარდი. ამ სასტუმროს გაერო ომით დაზარალებულების დასახმარებელ ბაზად იყენებდა. იქვე იყო მოწყობილი საბავშვო ბანაკი, სადაც პატარებს საღამომდე ტოვებდნენ - ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ,რადგან შენობა საათით ადრე დატოვეს. უკრაინა მტერს წინააღმდეგობას უწევს კუპიანსკშიც, ლიმანსა და ბახმუტშიც.

ზელენსკიმ კი საოლქო სამხედრო კომისრებისთვის მოიცალა, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვა. უწყებებს იმ ადამიანებით დააკომპლექტებენ, რომლებსაც ფრონტის ხაზზე ბრძოლის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ და წინა ხაზზე ყოფნა აღარ შეუძლიათ.

უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე გაკეთებულ მიმართვაში ისიც თქვა, რომ უკრაინა ახლა იმ დოქტრინაზე მუშაობს, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას დაედება საფუძვლად. მუშაობენ ახალ თავდაცვით პაკეტებზეც - დღეს კიევში შეიტყვეს,რომ ბაიდენი კონგრესს მათთვის 13 მილიარდ დოლარს ოფიციალურად სთხოვს, ბერლინი კი "ტაურუსის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახლებურ ვერსიაზე მუშაობს, რათა ისინი კიევს გადასცეს. თუმცა ომის გარდატეხისთვის მოკავშირეებს კიდევ უფრო მეტს სთხოვს ვარშავა. უკრაინის საგარეო უწყებას კი დიდი იმედი აქვს, რომ საჭირო სვლას ერდოღანიც გააკეთებს,რომელიც მალე პუტინს უნდა შეხვდეს.

უკრაინაში ომის 534-ე დღე სრულდება, კიევს და პარტნიორებს აიმედებთ ის,რომ კონტრშეტევებზე წინსვლაა, ამ მხრივ დღეს თავდაცვის სამინისტრომ დონეცკი და ზაპოროჟიე გამოყო.

დღის ამბები