შოვის ტრაგედიასთან არსებულ კითხვებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ინტერპელაციის წესით იბარებს. შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მათ მინისტრს კითხვები უკვე გაუგზავნეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კითხვებს შორის არის ისიც, თუ რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნებისგან დახმარება.
"რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი? რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების დახმარება მაშინ, როდესაც არსებობს ამის გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აუცილებელია.
„ამის აუცილებლობა არსებობს, რომ მოხდეს გამოძიება, დადგინდეს ყველა პასუხისმგებელი პირები ვინ რას აკეთებდა, ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი, ვინ რა გააკეთა, ვინ რა არ გააკეთა. ვფიქრობ, რომ პირიქით ხელისუფლება უნდა იყოს მონდომებული ამისთვის, თუმცა ჩვენ ვიცით, „ქართული ოცნების“ პასუხი იყო, რომ ამ კომისიის შექმნას არ აპირებენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ სურთ არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა, არამედ ლეგიტიმური კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ. არა თუ პასუხები, უბრალოდ კითხვებიც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.