15 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ლიტერატურა დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან, როდესაც ვიღაც ცდილობს პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, არის მიუღებული - ირაკლი კობახიძე ქეთი დუმბაძის შესახებ

"ასი ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი თავს დაესხა ერთ ნიჭიერ ქალს", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთი დუმბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოხატულ პროტესტს.

მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ვიღაც ცდილობს ლიტერატურაში პოლიტიკა შეიტანოს.

"ქეთი დუმბაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ მას უწევს პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება იმის გამო, რომ გადადის სხვა პოზიციაზე, თუმცა ქეთი დუმბაძეს ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც ის ახლა დაიკავებს ხელმძღვანელის თანამდებობას.

რაც შეეხება მის საწინააღმდეგო განცხადებებს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მანამდე მსგავსი ტიპის განცხადებით იგივე ადამიანები თავს დაესხნენ ელისო ბოლქვაძეს, ასი ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი თავს დაესხა ერთ ნიჭიერ ქალს, ასეთი ფაქტი იყო და იგივე განმეორდა ქეთი დუმბაძის შემთხვევაში. არ არის მისაღები, არ არის სწორი. ლიტერატურა დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან, როდესაც ვიღაც ცდილობს პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, არის მიუღებული. დარწმუნებული ვარ ქეთი დუმბაძე იქნება ამ სფეროს ეფექტიანი ხელმძღვანელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები