უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადდება ინიციატივა, რომელიც უკრაინას და უკრაინელ მებრძოლებს გააძლიერებს.
ზელენსკის თქმით, მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე უკვე 63 დიპლომატიური მისია მუშაობს.
"ვამზადებთ ძალიან ძლიერ ინიციატივას უკრაინისთვის, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მებრძოლებს. ყოველდღიურად ჩვენი ძირითადი ამოცანაა - შეიარაღება ჩვენს მებრძოლებს, ახალი შესაძლებლობები ჩვენი თავდაცვისთვის, ახალი მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი პარტნიორებისგან. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი დამოუკიდებლობის დღისათვის თამამად შეიძლებოდეს ითქვას, რომ უკრაინა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოების წრეს მიუახლოვდა.
ჩვენი გუნდი ახლა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, სიახლეებს ვამზადებთ ევროკავშირთან ერთად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინა მოვამზადოთ წევრობის მოლაპარაკებებისთვის მიმდინარე წლისთვის. მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება გვქონდა დიდი შვიდეულის დეკლარაციის ნაწილში, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტების მინიჭების თვალსაზრისით, რადგან 18 ქვეყანა შეუერთდა მას. მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე კი, უკვე 63 დიპლომატიური მისია მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მშვიდობის ფორმულამ ეტაპობრივად გააერთიანოს მსოფლიოს უმრავლესობა - საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით.
არ დავკარგავთ არცერთ დღეს მომზადებისთვის, არ გამოვტოვებთ არცერთ შანსს უკრაინისთვის, ვმუშაობთ ყოველდღე, რომ გავაძლიეროთ უკრაინა და მადლობას ვუხდი ყველას ვინც იგივეს აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობების სჯერა.
მისი თქმით, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად უკან არ დაიხევს.
"ის, რაც ჩვენ სხვადასხვა ტრიბუნაზე თუ შეხვედრაზე განვაცხადეთ - უცვლელი რჩება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის კონტრშეტევას. ჩვენ არ ვაპირებთ შედეგში ჩარევას.
არ დავიწყებთ პროგნოზირებას,თუ რა მოხდება,რადგან ეს ომი არსებითად არაპროგნოზირებადია. მჯერა უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი მათი გამბედაობის, მიაღწიონ შემდგომ წინსვლას ბრძოლის ველზე. ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს უკრაინელი პილოტების გაწვრთნას F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე.
მიმდინაე კვირას ჩვენ უკვე სახელმწიფო მდივნის დონეზე ფორმალურად განვაცხადეთ,რომ წვრთნების დასრულებისთანავე აშშ მზადაა დაიწყოს კონგრესთან მოლაპარაკებები f16-ების უკრაინისთვის გადაცემისთვის"- აცხადებს სალივანი.