15 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ჩასვლა-არ ჩასვლა კი არა, კითხვები არსებობს და მათ პასუხი უნდა გაეცეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - ხატია დეკანოიძე შოვზე

შოვის სტიქია პოლიტიკური დისკუსიის მთავარ საგნად რჩება - შეიძლებოდა თუ არა პრევენციული ზომების მიღება და როგორ წარიმართა სამაშველო ოპერაცია, ოპოზიცია ცდილობს ამ კითხვების დასმა საგამოძიებო კომისიის ფორმატით შეძლოს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის დღიდან პარტიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს იმ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რაც მომხდარი ტრაგედიის საკითხს უკავშირდება.

""ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ფაქტის დღიდან შექმნილი არის სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად ყველა იმ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რომელიც უკავშირდება შოვში განვითარებული მოვლენების საკითხს. ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე ამ კომისიის წევრები იმყოფებოდნენ არაერთხელ და იყვნენ ჩართული ყველა იმ პროცესში," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ვასო ურუშაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრ ხატია დეკანოიძეს, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ შოვში ჩასვლა-არ ჩასვლის საკითხი კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია.

"ჩასვლა-არ ჩასვლა კი არა, მთავარია, რომ კითხვებზე პასუხი გაეცეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურის მიმართულებით და იმ მიმართულებით თუ როგორი იყო დრო, გაფრთხილება შეიძლებოდა თუ არა. ამიტომ, ეს კითხვები რომ არსებობს და დაგროვებული რომ არის, სწორედ ამიტომ საზოგადოებას აინტერესებს.

მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ტრაგედიის გამოყენების ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ, მაგრამ ეს კითხვები არსებობს და მათ პასუხი უნდა გაეცეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები