ბოლო მოწოდება და რჩევა ამერიკის ელჩისგან რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური მისია დაასრულა. კელი დეგნანი საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დარწმუნებით საუბრობს, რომ საქართველოში არჩევნები შესაძლოა სამართლიანი არ იყოს, ხელისუფლებამ კი ხმების მანიპულაცია შეძლოს. ამერიკელი დიპლომატი არჩევნების გამჭვირვალედ ჩასატარებლად გამოსავალს ვერც ელექტრონულ კენჭისყრაში ხედავს. დეგნანი მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობას ინფორმაცია არ ექნა და არ იაქტიურა, არჩევნების შედეგები შესაძლოა არასახარბიელო იყოს. ელჩი გამოსავალს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და გრძელვადიან მონიტორინგში ხედავს.
კელი დეგნანის მიერ დაწუნებული ელექტრონული არჩევნების სისტემა გაუგებარი აღმოჩნდა მმართველი გუნდის ლიდერებისთვის.
ქართული ოცნება დიპლომატს ახსენებს, რომ საქართველომ სწორედ სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციით შეიმუშავა საარჩევნო რეფორმა, მათ შორის დანერგა ელექტრონული კენჭისყრა. ეს პუნქტი გაწერილია შარლ მიშელის დოკუმენტშიც. სახელისუფლებო პარტიას ელჩის განცხადება ეჭვებს უჩენს და მიიჩნევს, რომ კელი დეგნანი ოპოზიციის ნარატივს იმეორებს, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ რევოლუციით წარმოუდგენია. ოპოზიციისთვის კი ელჩის სიტყვები პრევენცია და ხელისუფლების გაფრთხილებაა, არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაატაროს.
ამერიკელმა დიპლომატმა წასვლამდე საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. "რადიო თავისუფლებისთვის" ელჩის სტატუსით მიცემულ ბოლო ინტერვიუში კელი დეგნანი საარჩევნო რეფორმას აფასებს და ამბობს, რომ შესაძლო მანიპულაციებს ვერც ელექტრონული არჩევნები გამორიცხავს, თუკი მოქალაქეებს შესაბამისი ინფორმაცია არ ექნებათ.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებაში არადიპლომატიური გზავნილები ამოიკითხეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა. უკვირთ, რატომ დაიწუნა კელი დეგნანმა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით შემუშავებული ელექტრონული არჩევნები.
ელჩის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარეც. გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით კომისია ამომრჩევლების ინფორმირებას განაგრძობს.
ოპოზიციისთვის კელი დეგნანის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში არჩევნები დარღვევებით ტარდება და საარჩევნო გარემო ქვეყანაში დემოკრატიული არ არის. მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხის რეაქციას არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და თან რევოლუციური სცენარით - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციის ბრალდებებზე. "ქართული ოცნების" ლიდერებს ოპონენტების რიტორიკა არ უკვირთ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ის დიპლომატის გზავნილებთან თანხვედრაშია. განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციას მარცხის ეშინია, რადგან ელექტრონული არჩევნები საარჩევნო მანიპულაციებისთვის სივრცეს აღარ ტოვებს.
ამერიკის ელჩს საქართველოში უკვე დაემშვიდობნენ. კელი დეგნანი დიპლომატიურ მისიას ასრულებს და მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს.