ზელენსკის განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება არ გააჩნია.
"რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის უკრაინის მხარეს, არა მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ დახმარებებით, მათ შორის მატერიალური და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ დავუშვებთ უკრაინიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ, როგორც უკრაინა, უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო გამოიყენეს და იყენებენ არა ერთი სხვა სახელმწიფოები თავისი ინტერესებისთვის, ასეთი რამ საქართველოში არ იქნება დაშვებული. იმ ასოცირებულ ტრიოში, რასაც ჰქვია საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ყოველთვის იყო და არის პირველ ადგილზე ყველა მიმართულებით. ასე რომ, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არ აქვს დაბრკოლება და ასევე არ ექნება დაბრკოლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით მშვიდობიანი გზით," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.