შარლ მიშელის განცხადებას,რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელის ასეთი ტიპის განცხადებები, რასაც ჰქვია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ვადების გადაწევა, ევროსკეპტიციზმს უფრო აღვივებს. მისივე თქმით, ეს ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას:
"ნიკა გვარამიას ერთი რამ უნდა "დავუფასოთ", ის პირდაპირ ამბობს ასე ალალად, რომ ის არ არის მომხრე ამ ხელისუფლების პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მეტიც, ოპოზიციას მოუწოდებს იბრძოლონ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს ეს სტატუსი. აღარ გვაქვს სამტკიცებელი, რომ რადიკალური ოპოზიციის ინტერესები, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემთხვევა. ზოგადად, ბრიუსელის ასეთი ტიპის განცხადებები ევროსკეპტიციზმს უფრო აღვივებს, რასაც ჰქვია ვადების გადაწევა. ჩვენ ვნახეთ რა მიიღო ვადების გადაწევამ 2008 წლის ომის შემდეგ, მოგვიტანა 2014 წელი და 2022 წელი უკრაინაში. ამიტომ, შარლ მიშელის განცხადებაში, ნეგატიურად რაც შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ გვეუბნება გეკუთვნით კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად რაღაც ვადებს ასახელებს, რომელიც მრავალწლიანია. ეს ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას, რაზეც ამბობენ, რომ ვითომ ამ პროპაგანდას ებრძვიან,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.