15 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დარჩა მხოლოდ რამდენიმე, რაზეც მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობს.

"მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ბატონ ჯოზეფ ბორელს. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბორელს კიდევ ერთხელ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ამისთვის მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი მადლიერება, ეს ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი და ის მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას, ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, მას შემდეგ რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო.

მინდა კიდევე ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციაც, ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც, მათი მხრიდან დაფიქსირდა სისტემატური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც რა თქმა უნდა, არ იყო კარგი და მეტიც - ვფიქრობ, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო, 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჯოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, არსებითად, შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები