15 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს" - პრემიერი ჯოზეფ ბორელს

"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ვინაიდან მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, რომელმაც "კურიერის" კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა დაიმსახუროს.

პრემიერის განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი ევროკავშირისგან იქნება პოზიტიური მესიჯი რუსეთისთვის, ამიტომ აუცილებელია, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

"მეც მინდა ვუპასუხო თქვენს კითხვას - მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი - ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი ავანსად ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი.

რაც შეეხება, თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ არ იცის როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, არავინ არ იცის როდის და როგორ დასრულდება და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში. ასეთ ვითარებაში, მითუმეტეს, გავიმეორებ მთავარ არგუმენტს, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან. ასეთ რთულ, გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში, ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური მესიჯი იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ.

ასე რომ, მე კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში და როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ გსურთ ნამდვილად რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიცია არის შემდეგი - საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები