15 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ენმ იმპიჩმენტის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში არ შევა - პარტია ანალოგიური ქმედებისკენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობა" იმპიჩმენტის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში არ შევა. პარტია ანალოგიური ქმედებისკენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდებს, თუმცა კოლეგები წინადადების მიღებაზე უარს აცხადებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას მხოლოდ მასთან ალიანსში მყოფი "სტრატეგია აღმაშენებელი" უერთდება. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი იმპიჩმენტისთვის საჭირო ასი ხმის შეგროვებას ვერ შეძლებს.

"აბსოლუტურად ვემიჯნებით ამ პროცესს, ეს პროცესი არ აინტერესებს არავის და ყველას მოვუწოდებთ, ამ თემის აქტუალიზაცია შეწყვიტეთ. ჩვენი ბლოკით ადამიანები რომ შევიდნენ, ძალიან ბევრმა დატოვა ფრაქცია და მეტიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგი იმ ბლოკს და "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღვას და მოიხსენიებს ცუდად, რომელიც ჩვენი სიით შევიდნენ. ამიტომ, იმ ადამიანებზე, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" ქვას ესვრიან, ცხადია, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, ეს მგონი ნორმალურია," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს დარბაზში ყოფნა და წითელი ღილაკის გამოყენება იქნება უფრო მკაფიო განაცხადი.

"ვნახეთ, როდესაც მათი ფრაქციის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იმ კანდიდატებს, რომლებსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერდა. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად თავის დაზღვევა. ისინი გარკვეულწილად, წინასწარ აზღვევენ რისკს, რომ მათი მხრიდან ვინმემ შეიძლება ხმა მისცეს ამ იმპიჩმენტის პროცედურას. მაგრამ, მოცემულობაში მე ვფიქრობ, რომ დარბაზში ყოფნა და თუნდაც წინააღმდეგ ხმის მიცემა ამ პროცესზე არის სწორი ფორმა," - აცხადებს თეონა აქუბარდია. 

 

 

 

დღის ამბები