15 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება სამარცხვინოა, ჩამოყალიბდნენ, საქართველოს პატრიოტები არიან თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსები - პაპუაშვილი სუსის ინფორმაციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების შედეგებს და შესაბამის მტკიცებულებებს ეფუძნება.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს და თანამშრომლობს და ენდობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელს - გია ლორთქიფანიძეს.

"ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება და ეს არ არის პირველი მცდელობა მათი, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდითს ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს არიოს სიტუაცია. დადასტურებულად ვიცით, მათ შორის, გახსოვთ მაშინ სატელეფონო საუბრებიც კი გასაჯაროვდა, რომ გია ლორთქიფანიძე იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ორგანიზატორი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა და მათ შორის, სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა.

აქ ქილიკით საუბრობენ, კარავში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა ვის უნდა უნდოდესო, რა, არ ვნახეთ ეს 7-8 მარტს?! "მოლოტოვის კოქტეილი" არ ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში? რა გგონიათ, "მოლოტოვის კოქტეილი" მართლა კოქტეილია?! არის ასაფეთქებელი საშუალება, რომლითაც ადამიანს კლავდა ვიღაცა და ამაზე პარტიების, "ენჯეოების" მხრიდან რეაქცია იყო ნული.

სამარცხვინოა ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას და ენდობიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინფორმაციას. ეს ხალხი ჩამოყალიბდეს, საქართველოს პატრიოტები არიან თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა." საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუსი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

დღის ამბები