საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას, რომ გადადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ოპოზიცია ეთანხმება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიესალმება პრეზიდენტის მოწოდებას, "ეროვნული ბანკის" საბჭომ გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება სანქცირების წესების შეცვლასთან დაკავშირებით.
"მივესალმები, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციის ამ მოწოდებას უერთდება და იგივე შინაარსის მოწოდებით მიმართავს "ეროვნული ბანკის" საბჭოს, რომ "ეროვნული ბანკის" საბჭომ გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება. ასევე მივესალმები იმ გულწრფელ ბოდიშს, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. როდესაც ხდებოდა თურნავას დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე, ოპოზიცია აფრთხილებდა უმრავლესობას, მის წარმდგენ პრეზიდენტს, რომ თურნავა ვერ დაიცავდა ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის დამოუკიდებლობას,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
იმავე აზრზეა "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძეც.
"საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა ის გზა, რა ნაბიჯებიც არის აუცილებლად გადასადგამი. კერძოდ, ქალბატონ თურნავას მხრიდან იმისთვის, რომ რეპუტაციის ის ზიანი, რაც მიადგა ეროვნულ ბანკს და მთელს ქვეყანას, კიდევ უფრო არ გაღრმავდეს. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. როგორ უნდა მოხდეს ეს - ვეთანხმები პრეზიდენტის განცხადებას, ამის გაკეთება შეუძლიათ საბჭოს, რადგან ეს გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნულად მიღებული თურნავას მხრიდან,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.