15 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ის, რაც მოხდა გლდანში, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტს საკრებულოს დაპირისპირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ყველაფერი ირაკლი ეძგვერაძეს და მის წარსულს უკავშირდება.

კალაძის განმარტებით, "ირაკლი ეძგვერაძე იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში".

"ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე ვინმეს დაჰპირისპირებოდა შემდეგ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. მე არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით რასაც წარმოადგენს მელია. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ ყველაფრის მკადრებელ ადამიანად, რომელიც ყველაფერს იკადრებს. არის პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადავლენ, მაგრამ მელია არის ის პოლიტიკოსი, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე", - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები