15 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ნიკა მელიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნება დააანონსა - რა უპასუხა მელიას ხაბეიშვილმა და ვინ დადგება ყოფილი თავმჯდომარის გვერდით

"როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს" - ამ ფრაზით ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილთან პოლიტიკური გაყრა და ახალი პლატფორმის შექმნა დააანონსა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე უკვე ღიად ამბობს, რომ პარტიის მოქმედ ხელმძღვანელთან თანამშრომლობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ახლა დროა ბრძოლა დამოუკიდებლად მხოლოდ, მის თანამოაზრეებთან ერთად განაგრძოს. დატოვებს თუ არა, ნიკა მელია პარტიას, საბოლოოდ ოქტომბრის ყრილობაზე გადაწყდება.

ნიკა მელიას პარტიიდან შესაძლო წასვლა, უმნიშვნელოა ლევან ხაბეიშვილისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მის წინამორბედს ურჩევს, პირადი წყენა გვერდზე გადადოს და პირად ამბიციებს, ხალხის ინტერესი არ გადააყოლოს.

"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ხატია დეკანოიძე, მელიას გადაწყვეტილებას იწონებს, რაც კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის. დეკანოიძეს დღეს თინა ბოკუჩავამ უპასუხა და მელიასთან გაერთიანება ურჩია.

დაყოფა და პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებას. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ სააკაშვილის პარტიაში, საიდანაც მხოლოდ სახელი დარჩა, პროცესები ლოგიკურად მიმდინარეობს და ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალი იქნება.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" თითქმის ერთი წელია გრძელდება. ამჯერად შიდა განხეთქილების მიზეზი, ნიკა მელიას განაცხადია -პარტიიდან შესაძლო წასვლასა და ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით. როგორი იქნება პარტიის კონფიგურაცია, ყოფილი თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გეგმებზე მედიასთან აღარ უსაუბრია.

დღის ამბები