06 ოქტომბერი 2024,   20:41
ვრცლად
საომარი მოქმედებები ისრაელში - რა ხდება მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ მოვლენების ეპიცენტრში

ისრაელი რაკეტების ხმამ დილის 7 საათზე გააღვიძა. "სიმჰატ ტორას" რელიგიურ დღესასწაულზე ქვეყანა უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნე გახდა. "ჰამასმა" მას 7 000 რაკეტით შეუტია, ისე, რომ ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია "მოსადს" არ ჰქონია. პანიკა გამოიწვია ისრაელის ქალაქებში გამოჩენილმა ისლამისტებმაც, რომლებმაც ღაზის საზღვარი გაარღვიეს და ისრაელის ქალაქებში ცეცხლის გახსნა დაიწყეს. მათი ლიკვიდაციის ოპერაციებს მოქალაქეები აივნებიდან და ფანჯრებიდან უყურებდნენ. ამ მასშტაბის თავდასხმების გახსენება ისრაელელებს უჭირთ.

"ჰამასმა" მოახერხა და ისრაელის კუთვნილი სამხედრო ტექნიკა ჩაიგდო ხელში და უკან ღაზაში გადაიყვანა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აღნიშნავენ ისინი მონაპოვარს. მათ ხელშია 40-მდე ტყვეც, მათ შორის მშვიდობიანი ისრაელელები და მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები. თავდასხმები შეეხო სტრატეგიულ ობიექტებს და საცხოვრებელ სახლებს. გარდაცვლილია 100-მდე ისრაელელი. ოპერაცია "ალ-აქსას შტორმი" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჯგუფის ლიდერმა "ალ აქსას" მეჩეთის შებღალვის საპასუხოდ დაიწყო, თუმცა კონფლიქტს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს.

"ჰამასთან" ომში ჩაბმაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მომხდარიდან რამდენიმე საათში განაცხადა. ნეთანიაჰუმ უშიშროების საბჭო შეკრიბა, საომარი მოქმედებებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა და რეზერვისტები მოიხმო. რამდენიმე საათში კი ღაზის მიმართულებით, "ჰამასის" პოზიციების დაბომბვა დაიწყო. ამას ავტომატურად მოჰყვა ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ბოლო მონაცემებით, პალესტინურ მხარეს 200-მდე მსხვერპლი ჰყავს, 2000 აღწევს დაზარალებულების რიცხვი.

ნეთანიაჰუ აძლიერებს ძალისხმევას იმისთვის, რომ ამ ომში დამატებითი მხარეები არ ჩაებან. თუმცა ბოლო განცხადებებით გამოიკვეთა, რომ მას "ჰამასთან" ერთად, სხვა დაჯგუფებებთანაც მოუწევს ბრძოლა. ისლამური "ჯიჰადი" და "ჰესბოლა", "ჰამასს" მხარდაჭერას უცხადებენ. ტერორისტული დაჯგუფებები ღაზიდან განხორციელებულ შეტევას "ისრაელის ოკუპაციაზე" ლეგიტიმურ პასუხად მიიჩნევენ. ისრაელი პირდაპირ საუბრობს, რომ ამ დაჯგუფებებს ირანი აძლიერებს, რაც რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო მეტად ძაბავს. თავად ირანის ლიდერის ალი ხამეინის მრჩეველი პალესტინელ მებრძოლებს ულოცავს "ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმის განხორციელებას". "პალესტინელი მებრძოლების გვერდით ვიქნებით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე“ – ნათქვამია განცხადებაში. თავად პალესტინის ხელმძღვანელობა მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მათ თავდაცვის უფლება აქვთ, თუმცა ისინი "ჰამასსთან" აფელაციას ერიდებიან. მხარეების მორიგებაშია ჩართული ეგვიპტე. მოვლენებს ყურადღებით აკვირდება ანკარა.

დასავლური სამყარო კი ცალსახად ისრაელის პოზიციას იჭერს. ევროკავშირი და შტატები ისრაელს ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმას. ისრაელის მხარესაა უკრაინაც. რუსეთი კი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სულ ბოლოს ნეთანიაჰუს ტელეფონით ჯო ბაიდენი ესაუბრა და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობასაც და ხალხსაც, ვაშინგტონმა ისრაელის მტრები გააფრთხილა, რომ ზედმეტი მოქმედებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ისრაელს ზურგს ვაშინგტონი უმაგრებს. პენტაგონის განცხადებაში კიდევ უფრო კონკრეტული ხაზია.

ამ დროისათვის ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული დიასპორის ნაწილ ახლა თავშესაფრებში რჩება. დიპლომატიურ სამსახურს არ მიუღია ცნობები მათი დაშავების ან გარდაცვალების შესახებ. ცხელი ხაზით კომუნიკაცია გრძელდება.

ისრაელში უკვე დაწყებულია მოკვლევა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს უძლიერესი თავდაცვისა და სადაზვერვო ქსელის მქონე ქვეყანა უპრეცედენტო და მოულოდნელი თავდასხმის წინაშე დადგა. მას შემდეგ რაც "ჰამასმა" 15 წლის წინ ღაზის სექტორი დაიკავა, ვითარება ცეცხლსაშიში გახდა, ბოლო ესკალაცია 2021 წელს მოხდა, თუმცა დღევანდელი შეტევის მასშტაბები გამორჩეულია და ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის ნიშნებს ატარებს.

 

დღის ამბები