06 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
როგორ გადის სანქციების გვერდის ავლით, ძვირადღირებული ავტომობილები ფინეთიდან რუსეთში - გავლენიანი ფინური გამოცემა ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს

გავლენიანი ფინური გამოცემა აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას - თუ როგორ გადის სანქციების გვერდის ავლით, ძვირადღირებული ავტომობილები ფინეთიდან რუსეთში. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ფინეთის ქალაქ კოტკას პორტში ე.წ. გეოლოკაციის მოწყობილობით ავტომობილები მონიშნეს.

საბაჟო დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მანქანები ტრანზიტით ყაზახეთში გადაჰყავდათ, თუმცა აღმოჩნდა რომ ჟურნალისტების მიერ მონიშნული ავტომობილები კონტრაბანდისტების მიერ, გაყალბებული საბუთებით ჯერ სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, შემდეგ მოსკოვში.

ავტომობილები, რომელსაც ჟურნალისტები თვალყურს ადევნებდნენ, საბოლოოდ ციმბირის ქალაქ ტომსკში გაჩერდა. მათგან ერთ-ერთი, "ლექსუსის" მარკის ავტომობილი დილერების მიერ 100 ათას ევროდ იყიდება.

საავტომობილო კონტრაბანდაზე და სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე, გამომძიებელ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფინეთში უკრაინის ელჩმაც.

"სანქციები არის ეფექტური მექანიზმი რუსეთის დასასჯელად და მის იზოლაციისთვის. ასევე, მათი იარაღის წარმოების და ომისათვის საჭირო ფინანსების შესამცირებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანქციები გამკაცრდეს და უფრო ყოვლისმომცველი გახდეს, სანამ რუსეთის სრული იზოლაცია არ მოხდება, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით," - აღნიშნა ოლგა დიბროვამ.

დღის ამბები