06 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
ღაზის სექტორთან მდებარე ეგვიპტის სასაზღვრო პუნქტიდან დღეში მხოლოდ 400 ადამიანს ატარებენ, მსურველთა სია კი გაცილებით დიდია, ტერიტორიის დატოვება ადამიანებისთვის გართულებულია - BBC

ომის მეოთხე დღე - ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორია უახლოეს საათებში დატოვონ. სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს.

ამ დრომდე, ისრაელი-"ჰამასის" ომს 1 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ცნობებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 765-მდე გაიზარდა. გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 250-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. განადგურებულია 150-ზე მეტი სამხედრო ობიექტი.

ღაზის სექტორთან მდებარე ეგვიპტის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, დღეში სულ 400 ადამიანს უშვებენ. როგორც BBC იუწყება, მომლოდინეთა სია საკმაოდ დიდია, ხოლო ღაზიდან წასვლა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არაა მარტივი. მოსახლეობა იძულებულია თავი სარდაფებს შეაფაროს, მაგრამ შენობის ჩამონგრევის შემთხვევაში, ისინი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდებიან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური იერიში ქალაქ აშკელონზე მიიტანეს. განგაშის ხმა დღის განმავლობაში ძირითადად სწორედ სამხრეთ ნაწილში ისმოდა. რადიკალური ისლამისტური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ისრაელის არმია ღაზის სექტორის მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს, ისინი ისრაელიდან მძევლად აყვანილებს დახოცავენ.

პარალელურად, ისრაელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშობლები ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას ცდილობენ, არის მოლოდინი, რომ ტყვეების ამსახველი ვიდეოები გავრცელდება, სადაც ისინი სიცოცხლეს ითხოვენ - ამის შესახებ CNN  წერს.

 

დღის ამბები