06 ოქტომბერი 2024,   21:10
ვრცლად
"ჩემი მეგობრები ჩემს თვალწინ იხოცებოდნენ, თავი ფილმში მეგონა, ვფიქრობდი, უკანასკნელად ვესაუბრებოდი ოჯახს" -  გადარჩენილი ქართველი "პრაიმ ტაიმთან" იხსენებს, როგორ დაიწყო ტერორისტების შეტევა ისრაელში

"უამრავი მეგობარი დამეღუპა...მოდიოდნენ პარაპლანებით და პარაშუტებით, ალყასავით მოგვაქციეს... ჩემს ირგვლივ ხალხი იხოცებოდა, იჭრებოდა... ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ვესაუბრებოდი ჩემს ოჯახს" - ისარელში, ტერორისტების პირველი თავდასხმისას, მუსიკალურ ფესტივალზე მყოფი, გადარჩენილი ქართველი თავდასხმის ტრაგიკულ მომენტებს "პრაიმ ტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს

გადარჩენილი ქართველი იხსენებს, როგორ დაიწყო ფესტივალზე სროლა და დაბომბვა​. აღწერს, რა გზა გაიარეს სროლის და ბომბების აფეთქების დაწყებიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანის წუთამდე. 

"უამრავი მეგობარი დამეღუპა. ერთი საათის მისული ვიყავი ფესტივალზე, გვიან მივედი და ამ ერთ საათში მოხდა ეს ყველაფერი. კარავი გავშალე, სცენაზე შევედი და მეგობრები მოვინახულე და ამ დროს მოხდა ეს ყველაფერი. ჩვეულებრივ მუსიკა მიდიოდა და ამ დროს ჩაირთო სიგნალიზაცია, ბომბები შემოდიოდა, ძალიან ახლოს ფეთქდებოდა. ამ დროს მუსიკა გაითიშა და მოგვიწოდეს რომ დავშლილიყავით. დავიწყეთ ნელ-ნელა დაშლა და სახლებისკენ წასვლა. ძალიან ახლოს ფეთქდებოდა ეს ბომბები, მანქანებს დაეცა და ამ დროს იარაღიანი ხალხიც გამოჩნდა.

სროლები რომ ატყდა, ზოგი გაიქცა, ზოგი დაიჭრა, მერე მივხვდით, რა ხდებოდა. ამას არავინ არ მოელოდა. ჩვეულებრივ მოდიოდნენ პარაპლანებით და პარაშუტებით, ალყასავით მოგვაქციეს, სამი მხრიდან მოდიოდნენ. უმისამართოდ ისროდნენ. იარაღიანი ხალხი რომ გამოჩნდა, პანიკა დაიწყო, ვერც გადავადგილდით მანქანებით, იქ დავტოვეთ და მოგვიწია გაქცევა სხვადასხვა მიმართულებით. საბედნიეროდ სწორი მიმართულებით მომიწია წასვლა. ჩემს ირგვლივ ხალხი იხოცებოდა, იჭრებოდა, ძალიან საშინელი სიტუაცია იყო, ფილმში მეგონა თავი, ისეთი საშინელება ხდებოდა.

ქართველები ოთხნი ვიყავით ფესტივალზე. ძალიან ბევრი დაიღუპა, ზოგი პანიკის გამო ვერ გადაადგილდებოდა, ზოგი პირდაპირ ისეთი მიმართულებით გარბოდა, შეეჩეხნენ ტერორისტებს. დაახლოებით 4 000-მდე ადამიანი იყო ამ ფესტივალზე, დიდი ფესტივალი იყო. პოლიცია იყო, დაცვა იყო, ადგილობრივებსაც იარაღი ჰქონდათ და ბევრი მაგიტომ გადავრჩით, რომ შემაკავებელი სროლები მიდიოდა. გავრბოდით ტრიალ მინდორზე, ხევში ჩავიმალეთ და მერე ხევიდან უკვე გავაღწიეთ სწორი მიმართულებით. 10-12 კილომეტრამდე მოგვიწია სირბილი, დასახლებულ პუნქტამდე მივედით, სადაც უკვე ჯარიც იყო, დაცვაც და თავშესაფარში ჩავედით ყველანი.

საშინელი სიტუაცია იყო, ხალხი ჩემს ირგვლივ კვდებოდა, ჩემი მეგობრები ჩემ თვალწინ იხოცებოდნენ, საშინელება იყო, ძალიან დიდი ქაოსი იყო, გაურკვევლობა იყო იმის, თუ რა მოხდა, რანაირად, არავინ არ ელოდა ტერორისტებს. მეგობარს ველაპარაკებოდი თავიდან სროლები რომ ატყდა, რომ ასეთი რაღაც მოხდა და სახლში მოვდივარ-თქო და ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი მეგობარი. ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ვესაუბრებოდი ჩემს ოჯახს და მეგობრებს.

ჩართული მქონდა თან, ყველას ველაპარაკებოდი, ვემშვიდობები კიდეც, იმიტომ რომ ისეთი საშინელი სიტუაცია იყო, რომ ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, საფრთხეს ვგრძნობდით ყველა, სანამ არ მოვიდა ჯარი და არ გადმოგვიყვანეს. ყველაფერი ერთად იყო, შიშიც გაოცებაც, თავდაცვაც, ელჩმაც დამირეკა და ლაივ რეჟიმში იყო ჩართული რომ უსაფრთხოდ გამოვსულიყავით ტერიტორიიდან. რომ მივედით დასახლებულ ტერიტორიაზე იქ ჯარი დაგვხვდა, სამედიცინო დახმარება, ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს გვერდით იყო. შემდეგ ავტობუსით მოხდა დაცულ ქალაქში გადანაწილება და იქიდან გადაგვიყვანეს ჩვენ ჩვენ ქალაქებში. ერთ მუშტად არის შეკრული მთლიანი ერი, ძალიან ძლიერი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი. ტერორისტების ომშია ჩაფლული ქვეყანა, ებრძვის ტერორისტებს. არ ახსოვს ამ ქვეყანას ასეთი სისასტიკე," - ამბობს  გადარჩენილი ქართველი. 

 

დღის ამბები