06 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
როგორ მუშაობს ისრაელის უხილავი ძალა ხილული მტრის წინააღმდეგ, რა არის "რკინის გუმბათი" და რა შესაძლებლობები აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდაცვით სისტემას

ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქვეყნად რკინის გუმბათი აქცევს, რის გამოც ადგილობრივები მას "ცის ღმერთსაც" უწოდებენ. რკინის გუმბათის მთავარი სიძლიერე მის რადარებშია, რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ სამიზნეების გამოვლენა და მათი ტრაექტორიის განსაზღვრა.

უფრო კონკრეტულად - რკინის გუმბათი მტრისგან გასროლილ რაკეტას, სწრაფად აფიქსირებს და საპასუხო დარტყმით ჰაერშივე ანადგურებს. წარმოიდგინეთ უხილავი საჰაერო ფარი, რკინის გუმბათი, რომელიც მთელ ქვეყანას გარს აკრავს და საჰაერო თავდასხმებისგან მაქსიმალურად იცავს. ეს კი რაკეტ-საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით ხდება, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეს არის რადარი, რომელიც მტრის რაკეტას ძალიან სწრაფად აფიქსირებს, და მომენტალურად სიგნალს უგზავნის სამეთაურო ცენტრს; თავდაცვითი სისტემის მეორე ნაწილია მაკონტროლებელი ცენტრი, რომელიც წინასწარ ითვლის შეჯახების ადგილს; და მესამე ეს არის გამშვები, რომელიც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მტრისგან გაშვებულ რაკეტას ანტი რაკეტას ესვრის და ანადგურებს. რაკეტის აღმოჩენას და განადგურებას წამები სჭირდება.

რაც ყველაზე მთავარია სისტემა ყოველთვის მუშაობს - ნისლშიც, წვიმაშიც, ქარშიც, ღრუბლიან ამინდშიც, თუმცა გუმბათის უპირატესობა მხოლოდ ეს არ არის. რკინის გუმბათს შეუძლია საფრთხის გაანალიზება, ანუ თუ მტრისგან გასროლილი რაკეტა დასახლებული ადგილისკენ არ მიემართება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ ქმნის, მაშინ მას აიგორებს და ანტირაკეტას არ ისვრის. შედეგად ზოგავს რესურსს და ენერგიას. რკინის გუმბათის ერთი გამშვები დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ღირს. ისრაელს სულ ასეთი 10 ცალი აქვს, ერთი გამშვები კი მხოლოდ 20 რაკეტის გაშვებას ახერხებს. როდესაც გამშვები 20-ვე რაკეტას გაისვრის, მისი გადატენვაა საჭირო, ამ დროს ის სხვა გამშვებმა უნდა დააზღვიოს. ერთ გამშვებს 150 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დაცვა შეუძლია.

რკინის გუმბათსაც აქვს ნაკლი. ის ყოვლის შემძლე არ არის და მხოლოდ 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილ რაკეტებს ანადგურებს. თავდაცვითი ფარის ნაკლია ისიც, რომ შესაძლოა ის გადაიტვირთოს და მასირებული სარაკეტო თავდასხმის დროს რამდენიმე რაკეტამ ფარის გარღვევა შეძლოს. ასე მოხდა წინა კვირაშიც, როდესაც "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან ერთდროულად ათასობით რაკეტა გაისროლა, რომლის დაახლოებით 10 პროცენტი რკინის გუმბათმა ვერ ჩამოაგდო.

ისრაელმა რკინის გუმბათის შექმნა 2006ს წელს "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. ის ადგილობრივმა კომპანია "რაფაელმა" შექმნა და პირველად 2011 წელს გამოიყენეს. პროგრამა ნაწილობრივ ამერიკამაც დააფინანსა ნახევარი მილიარდი დოლარით.

ისრაელის ცას, მხოლოდ რკინის გუმბათი არ იცავს, სამხედრო არსენალშია "დეივიდ სლინგი" ანუ დავითის შურდული, რომელიც რკინის გუმბათთან შედარებით გაცილებით შორ მანძილზე მოქმედებს, ის ბალისტიკურ რაკეტებს 300 კილომეტრის რადიუსში აფიქსირებს და ანადგურებს. მტრის თითო რაკეტის განადგურება 1 მილიონი დოლარი ჯდება. ისრაელის საჰაერო თავდაცვის ნაწილია ასევე "ეროუ ორი" და "ეროუ სამის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემებიც.

დღის ამბები