06 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
რა ვითარებაა ისრაელში და რა ვერსიები ვრცელდება სპეციალურ სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით - ბოლო ცნობები ისრაელიდან

როგორც "კურიერის" კორესპონდენტი თელ ავივიდან იუწყება, ცოტა ხნის წინ, დედაქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მოქალაქეები თავშესაფრებში ჩავიდნენ. მისივე თქმით, ევაკუაცია გამოცხადდა ცენტრალურ აეროპორტშიც. ამ დროისთვის, აეროპორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს.

რაც შეეხება სპეციალურ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, დილიდან ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ ღამე და დღეს დილით, ისრაელის სამხრეთით, ღაზას სექტორის მიმდებარედ იყო კოკისპირული წვიმა. ექსპერტების მოსაზრებით, სწორედ ამიტომ შესაძლოა სახმელეთო ჯარს გადაადგილება გაუჭირდეს, თუმცა, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტეს, რომ წვიმა მათთვის დაბრკოლებას არ ქმნის. მეორე ვერსიით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მძევლების გათავისუფლების საკითხს. შესაძლებელია ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები. სახელდება კიდევ ერთი მიზეზი, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს საფრთხეს, რომელიც ისრაელს ქვეყნის ჩრდილოეთიდან, ლიბანის საზღვრიდან ემუქრება. არის თუ არაა ისრაელი მზად რომ 2 ფრონტზე გახსნას ცეცხლი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა "ცახალი" სრულ მზადყოფნაშია.

ბოლო ოფიციალური ცნობებით, ისრაელში დაღუპულია 1400 ადამიანი, ხოლო ღაზაში 2300-ზე მეტი.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე 

დღის ამბები