06 ოქტომბერი 2024,   20:53
ვრცლად
მედიაში არსებული ცნობით, რაფახის სასაზღვრო პუნქტი უცხოეთის და ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გახსნილია - რა ვითარებაა ომის მეათე დღეს ახლო აღმოსავლეთში

ომის მეათე დღე ახლო აღმოსავლეთში - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასულ ღამით, ომის დაწყების დღიდან, ღაზის სექტორზე ყველაზე ინტენსიური იერიში იყო. ისრაელის არმიის ცნობით, სექტორის ჩრდილოეთი უკვე დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა. 2700-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ღაზაში - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე მონაცემებით, დაახლოებით 1000 ადამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს ისრაელის მხარეს.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, დილის 09:00 საათზე უცხოეთის მოქალაქეებისთვისა და ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გაიხსნა რაფახის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული გამშვები პუნქტი ისრაელის დროით, 12:00 საათამდე იმოქმედებს. ოფიციალური ისრაელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. სხვადასხვა მედიაში კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

პარალელურად, დღეს ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან გაემგზავრება გემი, რომლითაც შეერთებული შტატების მთავრობა კვიპროსში თავის მოქალაქეებს გადაიყვანს. საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება.

ამასთან, ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან ვითარება რთული რჩება.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

 

 

 

დღის ამბები