06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში სარაკეტო ბრძოლა გრძელდება - ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმის ირგვლივ ვითარება ყოველ საათში უფრო კრიტიკული ხდება

ახლო აღმოსავლეთში სარაკეტო ბრძოლა უკვე 13 დღეა გრძელდება. ათ დღეზე მეტია, ისრაელი ყოველდღე მიანიშნებს, რომ მზად არის ღაზაში შესასვლელად და ჰამასის გასანადგურებლად.

ამისთვის, მობილიზებულია 300 000 რეზერვისტი, საზღვართან დგას ისრაელის წარმოების ათობით ტანკი "მერკავა", საარტილერიო დანადგარები და უახლესი იარაღით აღჭურვილი ჯარი. სახმელეთო ოპერაცია კი ჯერაც არ იწყება. თუმცა, ისრაელში ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში სპეციალური სამხედრო სახმელეთო ოპერაცია დაიწყება.

პარალელურად, ისრაელის რამდენიმე ქალაქში განგაშის ხმა ისმოდა. სარაკეტო თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა ქალაქ ხოლონზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 50 წლის ქალი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის.

ისრაელი ორი მხრიდან იბომბება. რკინის გუმბათს ყოველ დღე უწევს ჰამასის რაკეტების მოგერიება. ლიბანის მხრიდან კი დღეს ჰეზბოლამ კიდევ 6 ახალი რაკეტა გაისროლა, რამაც ქვეყნის ჩრდილოეთში განგაში გამოიწვია. დღესვე სროლა იყო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელ დევნილთა ბანაკში. ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმის ირგვლივ ვითარება ყოველ საათში უფრო კრიტიკული ხდება. არმია ორივე მხარეს მობილიზებულია, თუმცა ცახალს საზღვრების ხმელეთით გადაკვეთის გეგმა ჯერ არ აქვს. 

პარალელურად, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, გაიხსნება რაფაჰის გამშვები პუნქტი და ღაზას სექტორში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შევა. 

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები