06 ოქტომბერი 2024,   20:58
ვრცლად
ალექსეი დანილოვის განცხადება - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ძველი სათქმელი ახლიდან თქვა

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ძველი სათქმელი ახლიდან თქვა, თუმცა ამჯერად მსოფლიო რუკაზე უფრო მეტი ცხელი წერტილია და უფრო ფეთქებად საშიში ვითარება. ალექსეი დანილოვი თვლის, რომ ახლა სამყაროში ავტორიტარული და დემოკრატიული ძალების ომია, რომელსაც თამამად შეგვიძლია მესამე მსოფლიო ომი ვუწოდოთ - და ამ ომში წერტილის დასმა სწრაფადაა საჭირო. მდივანი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომში კიევს წერტილი უკვე დასმულიც ექნებოდა, უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოს და მოლდოვას წართმეული მიწების დაბრუნება რომ დაიწყოთ.

მოსმენილმა გზავნილებმა მმართველ გუნდს იგივე ემოციები გაუჩინა, რაც წარსულში. თვლიან, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ომის პრაგმატული ინტერესი აქვთ, რაც ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო მიდგომებსა და შერიგების პოლიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დანილოვის განცხადების შეფასებისას, გამოჩნდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მშვიდობიანად დაბრუნების პოლიტიკის ირგვლივ ის იშვიათი კონსენსუსი არსებობს, რისი დეფიციტიც ქართულ პოლიტიკაშია. ოპოზიციის ნაწილს დანილოვის მოწოდებები არ მოსწონს, ნაწილი მათ დაზუსტებას ითხოვს. 

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორიების ომით დაბრუნებაზე, თბილისის მიმართ პერიოდულად ისმის მოწოდებები. თუმცა მიდგომა, რომელიც ქვეყანამ წლების წინ არჩია სამშვიდობო ხასიათისაა და გადახედვას არ ექვემდებარება - აღნიშნავენ "ოცნებაში".

ალექსეი დანილოვმა უკრაინული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ის ყველა კონფლიქტის სწრაფად და სამართლიანად დასრულების მომხრეა, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. აღნიშნა ისიც, რომ 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზე მსოფლიოს პასუხი რომ გაეცა, დანაკარგებიც ნაკლები იქნებოდა.

 

დღის ამბები