06 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
უკრაინაში ომის 605-ე დღეს, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, 100-ზე მეტი შეტაკება მოხდა

დონეცკის ოლქი, ავდიივკას მიმართულება - გასული დღეების განმავლობაში, ინტერნეტსივრცეში ფრონტის ამ მონაკვეთზე გადაღებული ათობით ვიდეო იტვირთება, რომლებიც რუსული ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებას ასახავს. რუსული დანაყოფები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას გამუდმებით ცდილობენ, რასაც უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით და არტილერიით პასუხობს. როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები ადასტურებენ, რომ ბოლო 10 დღეში აქ 100-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთის სხვა მონაკვეთებზეც, ასევე - სამხრეთით ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით.

უკრაინის დანაყოფები დაწინაურდნენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მოიერიშე ჯგუფები, მდინარე დნეპრს ნავებით კვეთენ და ოკუპირებულ ნაწილში შეტევების გაფართოებისთვის ახალ პლაცდარმს ქმნიან.

ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ინფორმაცია პირადად მოისმინა თავდაცვის მინისტრისგან და გენშტაბის უფროსისგან, რომლებსაც ის მიკოლაევში შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცებიც მოინახულა.

უკრაინა თავდაცვით შესაძლებლობებს ზრდის და სტრატეგიული პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების მიღებას ელოდება. ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - მათი ამოცანა ტერიტორიების სრული დეოკუპაციაა. ამავდროულად, პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს კრემლი. ვლადიმერ პუტინმა ჩინური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის უბლოკო სტატუსი და, ამ ფორმით, უსაფრთხოების გარანტია სჭირდება. პუტინი ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მხოლოდ ამ პირობით განიხილავს.

ახლო პერსპექტივაში მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კონკრეტული წინაპირობები არ ჩანს - ხანგრძლივ ომში ჩართული მხარეები სამხედრო მოქმედებების ზამთრის ფაზაზე გადასასვლელად კიდევ ერთხელ ემზადებიან. მკაცრ პირობებში წარმატების მიღწევა გამძლეობაზე, გამართულ ლოჯისტიკასა და მომარაგებაზე იქნება დამოკიდებული. ამ მხრივ, ხარვეზების აღმოფხვრაზე უკრაინამ მუშაობა უკვე დაიწყო. გამოიკვეთა პირველი მსხვილი სკანდალიც. ქვეყნის საბაჟო სამსახურის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, ერთი მესამედი დაკარგულია. კერძოდ, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 9 000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე, სულ მცირე, 3 000 ტვირთი არ მივიდა. მებაჟეებმა სამართალდამცავ უწყებებს 387 კონკრეტული საქმის გამოძიების შესახებ მიმართეს.

დღის ამბები