06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
ავიაიერიშების პარალელურად, "ცახალმა" ღაზის სექტორში სახმელეთო რეიდებიც დაიწყო - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რისკენ მოუწოდებენ ისრაელს აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპელი პოლიტიკოსები

განადგურებული გამშვები სისტემები, საფორტიფიკაციო ნაგებობები და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონები. "ცახალმა" ღაზის ტერიტორიაზე სახმელეთო რეიდი ჩაატარა. დეტალებს ისრაელის თავდაცვის ძალებში არ აკონკრეტებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ, ამოცანის შესრულების შემდეგ, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ბაზაზე დაბრუნდა.

რეიდის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღაზის სექტორში საწვავის დეფიციტია. "ცახალში" ამბობენ, რომ ტერორისტების თავდასხმის ინტენსივობა საპირისპიროზე მიუთითებს. "ჰამასმა" თელ-ავივს და პეტახ-ტიკვას შეუტია. დაიბომბა აშკელონი და აშდოდი.

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 7 000-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულია - 18 000. "ცახალის" მტკიცებით კი, სტატისტიკის ცვლილება დაღუპულებში 1500-მდე ტერორისტის შეყვანამ გამოიწვია, რაც შეეხება ისრაელის დანაკარგს, "ჰამასის" შეტევას 1 400 ადამიანი ემსხვერპლა.

მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია ე.წ ჰუმანიტარული პაუზა, რათა ღაზის სექტორში მედიკამენტები, წყალი და სურსათი შევიდეს. თუმცა, ამავდროულად მიშელი გმობს "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმას და ამბობს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ევროკავშირის ლიდერების სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

საკუთარი თავის დაცვა ისრაელის არამხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაა - ამას ჯო ბაიდენი ამბობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით "ჰამასი" ლაჩრული დაჯგუფებაა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისრაელმა მშვიდობიანი პალესტინელების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა ისრაელისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ოპერაციის დროებით შეჩერება ტერორისტულ ორგანიზაციას გადაჯგუფების, ახალი საბრძოლო მარაგების და ცოცხალი ძალის მობილიზების საშუალებას მისცემს.

 

დღის ამბები