06 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
დღევანდელი დღე ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო დღე; გავხდით იმის მოწმენი, რომ გაერო-ს აღარ აქვს სულ მცირე ლეგიტიმაცია და რელევანტურობაც კი - გაერო-ში ისრაელის ელჩი

120 ხმით 14-ის წინააღმდეგ - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში "დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ" მოუწოდებს.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს "უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი".

რეზოლუციის მიღებას თან მწვავე დებატებიც ახლდა. გაეროს ტრიბუნიდან, მწვავე და კრიტიკული განცხადებებიც ისმოდა.

დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მიიჩნევს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ასევე, თავი შეიკავა საქართველომ და უკრაინამაც.

ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გილად ერდანი გაეროს მიღებული რეზოლუციის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო დღე. მისი თქმით, გაეროს აღარ აქვს სულ მცირე ლეგიტიმაცია და რელევანტურობაც კი. 

"ეს შავი დღეა გაეროსთვის და მთელი კაცობრიობისთვის. დღევანდელი დღე ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო დღე. ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმენი, რომ გაეროს აღარ აქვს სულ მცირე ლეგიტიმაცია და რელევანტურობაც კი. ეს ორგანიზაცია, ჰოლოკოსტის შემდეგ, ჩამოყალიბდა იმ მიზნით, რომ სისასტიკე შეეჩერებინა, ის სპექტაკლი კი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, აღარ გვიტოვებს ეჭვს იმაში, რომ გაერო მომხრეა, რამდენადაც სამწუხაროდ და ტრაგიკულად არ უნდა ჟღერდეს ეს - რომ ეს სისასტიკე გაგრძელდეს. ისრაელმა, ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელი ხალხის ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა ახლახან გადაიტანა - თუმცა ე. წ. ერების ოჯახის უმრავლესობის აზრით, ისრაელს არ აქვს უფლება დაიცვას თავი. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, ერთადერთი გზა კი, სისასტიკის აღსაკვეთად, "ჰამასი" შესაძლებლობების განადგურებაა - ამ რეზოლუციაში კი სიტყვა "ჰამასის" ხსენება არსადაა. თითქოს, ეს ომი მათგან არ დაიწყო. რატომ იცავთ მკვლელებსა და ტერორისტებს, რომლებიც ბავშვებს განზრახ თავებს აცლიან. საერთოდ, აქ რა ხდება?" - ამბობს გილად ერდანი.

პალესტინის დიპლომატიური წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რიად მანსურმა კი გენერალურ ასამბლეას მადლობა გადაუხადა.

"პალესტინელი ხალხის სახელით, ღაზაში მყოფი ადამიანების სახელით, მადლიერები ვართ გენერალური ასამბლეის. მადლობა ყველა ერს, დიდსა თუ პატარას, ღარიბსა თუ მდიდარს. თქვენ პალესტინის სახელმწიფოს ნამდვილი დები და ძმები ხართ. ამას არასოდეს დაგივიწყებთ. გენერალური ასამბლეა დღეს იყო უფრო გაბედული და უფრო პრინციპული, ასამბლეის პრეზიდენტი კი, უდავოდ მამაცი. მან დაიცვა ტრადიციები და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპები. გენერალურმა ასამბლეამ გაგზავნა შესაბამისი გზავნილი, არა მხოლოდ პალესტინელი ხალხს მიმართ, რომ სამყაროში არსებობს სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი, - არამედ გზავნილი სხვა დანარჩენთანაც, რომ საკმარისია! ომი უნდა დასრულდეს. ჩვენი ხალხის მასობრივი მკვლელობა უნდა შეწყდეს. ჰუმანიტარული დახმარება კი უნდა შევიდეს ღაზაში. სულ მცირე, დახმარებით სავსე 100 სატვირთოთი." - აცხადებს რიად მანსური.

დღის ამბები