06 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
სპეციალური სამკერდე ნიშანი და 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი პრემიები - პედაგოგის ეროვნული დღე და ახალი ჯილდო 11 მასწავლებელს

პედაგოგის ეროვნული დღე და ახალი ჯილდო 11 მასწავლებელს - საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიური პრემია გადაეცემათ.

ეროვნული პრემიით დაჯილდოვდნენ ის მასწავლებლები, რომლებსაც, სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების თუ თემის განვითარებაში. ეროვნული პრემია, სპეციალური სამკერდე ნიშანი და 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი პრემიები პედაგოგებს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველ წელს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს გადაეცემათ.

განათლების მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მასწავლებელი განსაკუთრებული პროფესიაა, რომელსაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე აქვს გავლენა. ხელისუფლების პოზიციაა, რომ პედაგოგებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ და ამ იდეას ემსახურება მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან პედაგოგები.

პედაგოგებმა მასწავლებლის დღეს ისიც შეიტყვეს, რომ მათი ანაზღაურება მინიმუმ 500 ლარით იზრდება. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2024 წელს, განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას.

პრემიერმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა განათლების სისტემის ამაღლების კუთხით გეგმავს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები.

თავად მასწავლებლები ამბობენ, რომ მთავრობის გეგმა მათთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში განათლება პრიორიტეტია, რაც მათ მეტ შემართებას აძლევს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

დღის ამბები