06 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
ნარკოტიკი, რომლის ზემოქმედების ქვეშ ტერორისტები სასტიკ ქმედებებს ჩადიან - როგორც იქცა უწყინარი მიზეზით შექმნილი მედიკამენტი "ჯიჰადის ნარკოტიკად"

ტერორისტების სასტიკი ქმედებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ყელგამოჭრილი ახალშობილები, ნაწამები და დახვრეტილი ადამიანები - რატომ არიან ტერორისტები ასეთი სასტიკები? გაირკვა, რომ ისრაელზე თავდასხმისას ისინი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ისრაელის სპეცსამსახურმა მოკლული ტერორისტების ჯიბეებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა.

მედიის ინფორმაციით, ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას იყენებს თითქმის ყველა ტერორისტული ორგანიზაცია საკუთარი მებრძოლების მოსამზადებლად, მათ შორის, "ჰამასიც"და "ჰეზბოლაც".

როგორ იქცა ეს ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით შექმნილი მედიკამენტი საზარელ ფსიქოტროპულ იარაღად?

1961 წელს, როდესაც გერმანელი მასწავლებლები ძალიან შეწუხდნენ ზედმეტად ცელქი, "ჰიპერკინეტიკური" ბავშვებით, ანუ იმ პრობლემით, რასაც ამჟამად "ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის მოშლილობას" უწოდებენ, გერმანელმა ფარმაკოლოგებმა შექმნეს წამალი "ფენეტილენი." "ფენეტილენი" "ამფეტამინისა" და "თეოფილინის" ქიმიური კომბინაციაა და მოგვიანებით დეპრესიისა და ნარკოლეფსიის სამკურნალოდაც იყენებდნენ. "ფენეტილენი" გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებისათვისაც უსაფრთხო იყო, რადგან ამფეტამინისაგან განსხვავებით არ იწვევს მკვეთრ არტერიულ ჰიპერტენზიას, ანუ წნევის გაზრდას.

ამერიკელები ცოტა სკეპტიკურად განეწყვნენ ამ წამლის მიმართ და FDA-მ არ გასცა ნებართვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთი პერიოდი ევროპელი და ამერიკელი ექიმები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში.

1981 წელს ამერიკამ "ფენეტილენი" პირველი ხარისხის კონტროლირებადი ნივთიერებების სიაში ჩასვა და სულ მალე, 1986 წელს WHO-მ ოფიციალურად გამოაცხადა მძლავრ ფსიქოტროპულ საშუალებად და მისი წარმოება, შეძენა და გამოყენება არალეგალური გახდა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.

განვითარებულმა სამყარომ მალე დაივიწყა "ფენეტილენი," რადგან გაიაზრა, რომ მისგან მიღებული ზიანი ბევრად აღემატებოდა სარგებელს. სამაგიეროდ, "ფენეტილენით" არაჯანსაღად დაინტერესდნენ ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები. მუსლიმანური სამყაროს ნარკოსამყარომ "ფენეტილენი" "ღარიბების კოკაინად" მონათლა. გერმანული გენიალობით შექმნილი მარტივი წარმოების პრეპარატი ადვილი დასამზადებელია კუსტარულ საწარმოებში და ფასიც შესაბამისი აქვს, რამდენიმე დოლარად იყიდება თითო ტაბლეტი. ასე "შეჯდა" "კაპტაგონზე" მთელი ახლო აღმოსავლეთი.


"ფენეტილენის" "ახალი სიცოცხლე" ISIS-ის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო.

ცხადია ტერორისტებს დეპრესიის მკურნალობა ნაკლებ აინტერესებდათ, მაგრამ მათ შეიტყვეს, რომ "ფენეტილენი" (ბრენდული სახელწოდებით "კაპტაგონი") ეიფორიასთან ერთად იწვევს არაბუნებრივ სიმშვიდეს და განურჩევლობას, სრულიად აქრობს შიმშილისა და შიშის შეგრძნებას და ამავე დროს გონებას უნარჩუნებს აღმატებულ სიფხიზლესა და გამჭრიახობას. ISIS-მა დაიწყო "კაპტაგონის" მასიური წარმოება და სულ მალე აქცია ძალიან შემოსავლიან ბიზნესად. სწორედ "კაპტაგონის" დამსახურება იყო ISIS-ის ტერორისტების არაადამიანური სისასტიკე და ინდიფერენტულობა, არაბუნებრივი გამძლეობა და სიმამაცე.

როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ISIS-ის ხალიფატი პირწმინდად გაანადგურა, ასადმა გადაწყვიტა, "ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო" და სირიელებმა, რუსების მხარდაჭერით, "კაპტაგონის" წარმოების მონოპოლიზაცია მოახდინეს. 2022 წელს ასადის რეჟიმმა "კაპტაგონის" გაყიდვებით57 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 3-ჯერ აღემატება ყველა მექსიკური ნარკო-კარტელის ერთობლივ შემოსავალს. "კაპტაგონი" იყიდება ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც და საუდის არაბეთშიც. "კაპტაგონს" იყენებს აბსოლუტურად ყველა მუსლიმანური ტერორისტული ორგანიზაცია საკუთარი მებრძოლების მოსამზადებლად, მათ შორის "ჰეზბოლაც". სხვათაშორის, სირიასთან ერთად ლიბანი წარმოადგენს "კაპტაგონის" არალეგალური წარმოება/ვაჭრობის მეორე მნიშვნელოვან ცენტრს.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან შესულ "ჰამასის" დახოცილ ტერორისტებს ისრაელის სპეც-რაზმებმა ჯიბეებში დიდი რაოდენობით "კაპტაგონი" აღმოუჩინეს, რამაც გასაგები და ლოგიკური გახადა მათი არაადამიანური სისასტიკეც და თავზეხელაღებულობაც. "მოსადის" მონაცემებით, ისრაელში შესული "კაპტაგონის" წარმოება "სამხრეთ ევროპაში" ხდება და შემდეგ ქვეყანაში თურქეთის გავლით შედის.

ლიბანელი და სირიელი ექიმების განცხადებების თანახმად, ტერორისტებთან ერთად "კაპტაგონს" კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანებიც იყენებენ, რადგან წამლისგან მოგვრილ ეიფორიასთან (კაიფი) ერთად ისინი ახერხებენ ენერგიის შენარჩუნებას ჭამისა და ძილის გარეშე. ასევე "მოსადის" მონაცემებით, ღაზას სექტორის მაცხოვრებლები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ამ წამალს. შესაბამისად, გასაგები ხდება ეგზალტირებული მიტინგების წარმართვის "ხელოვნებაც".

ასე იქცა სრულიად უწყინარი მიზეზით შექმნილი მედიკამენტი საზარელ ფსიქოტროპულ იარაღად. როგორც ამბობენ, ISIS-ის ტერორისტები თავიანთ მსხვერპლს თავის მოკვეთის ცერემონიის გადაღების წინ სწორედ "კაპტაგონით" აბრუებდნენ, რაც შიშის დამბლასთან ერთად ლოგიკურად ხსნის მათ არაადამიანურ სიმშვიდესა და განურჩევლობას.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

 

 

 

 

დღის ამბები