09 ოქტომბერი 2024,   01:18
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტები თანდართულ მასალებთან ერთად. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„გადამუშავებული ვარიანტი უკვე განიხილა პლენარულმა სხდომამ, ახლა კი წარმოდგენილია საბოლოო ვარიანტი. წარმოგიდგენთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს - რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით 2024 წლისთვის, მომდევნო წლებში აღებულია 5%; დეფლატორის მაჩვენებელია 3%, როგორც 2024 წელს ასევე მომდევნო წლების განმავლობაში; ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2,8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2,5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს 38.0%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა კანონპროექტში წინა ვარიანტთან შედარებით და აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა 106,6 მილიონი ლარია.

შესაბამისად, საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი განისაზღვრება 28 357  მლნ ლარის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 28 706 მლნ ლარს.

რაც შეეხება საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 398.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით.  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მის მეორე  ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 166.6 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი შეადგენს 25 030.4 მლნ ლარს, რაც 2023 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია  2 719.1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მეორე  ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 165  მლნ ლარით. მომხსენებლის ინფორმაციით, ამ დამატებითი თანხიდან, 10 მლნ ლარი ემატება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს და იგი 90 მლნ ლარი ხდება; 6 მლნ ლარი ემატება დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს (თბილისის ავტობუსების პროექტი ); 450 ათასი ლარით იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება. 29.2 მლნ ლარი ემატება  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც: 15.0 მლნ ლარი ემატება იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამას; 14.2 მლნ ლარი - მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას (გადმოტანილია მიზნობრივი ტრანსფერებიდან); 3 მლნ ლარი ემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვას;

მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ცალკეული უწყებების დაფინანსების და იმ შიდა გადანაწილებების შესახებ, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტშია ასახული.

მისივე  თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განხილვებისას გამოთქმული წინადადებების შესაბამისად,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით იზრდება  და  ფონდის მოცულობა ჯამში 580 მილიონი ლარი იქნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები