06 ივლისი 2024,   00:31
ვრცლად
თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, 2000-მდე ნერგი დაირგო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ბროწეულის, რაჭული კაკლის, კავკასიური ცაცხვის, ბამბუკის, თხილის, შინდის, ვარდისა და ვაზის 2000-მდე ნერგი დაირგო.

ნერგების დარგვის პროცესში, ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „დიდგორმა“ და „მართვემ“ მიიღეს მონაწილეობა. პროცესში ჩართულები იყვნენ მებაღე ზურა შევარდნაძე და ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი.

"მუზეუმის ტერიტორიის თხილისა და შინდის ხეებით განაშენიანების შედეგად, მომავალში მუზეუმს წნული ღობეების, თუ ნალიების რეაბილიტაციისთვის მასალის ყიდვა აღარ დასჭირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად დაზოგას მუზეუმის ფინანსურ რესურსებს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცეს გაამარტივებს", - აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

მუზეუმის ახალი ნერგებით განაშენიანებას კოორდინაციას უწევს დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“, ზურა შევარდნაძის ხელმძღვანელობით.

ეთნოგრაფიული მუზეუმის გამწვანების პირველი ეტაპი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მუზეუმის მთელ ტერიტორიაზე 7000 ძირი ნუშის, იასამნისა და კვიდოს ნერგი უკვე დაირგო.

როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განმარტავენ, მსგავსი პროექტების მიზანია მუზეუმმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მრავალმხრივი სარგებლის მიღება შეძლოს.

დღის ამბები