05 ივლისი 2024,   23:24
ვრცლად
კურორტების განვითარების გეგმა - სახელმწიფო ვარაუდობს, რომ ტურისტების ნაკადი წლის განმავლობაში 6 მილიონს გადააჭარბებს

28 ახალი საბაგირო, 40 კილომეტრის მანძილზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, ზვავსაწინააღმდეგო სისტემები და უსაფრთხოების ინვენტარი - 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისთვის 800 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარება დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე. 2023 წელს, მხოლოდ სამ კვარტალში, შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა და 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყანამ 5.6 მილიონ მოგზაურს უმასპინძლა. ოპტიმისტურია, ამ მიმართულებით, მთელი წლის პროგნოზი, რადგან, არსებული გათვლებით, ქვეყანა 6.6 მილიონამდე მოგზაურს უმასპინძლებს და 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს.

კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი ტურნირების გამართვის საშუალებას იძლევა. მიმდინარე წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა "ფრისტაილში", "სნოუბორდსა" და "ფრისკიში". ბაკურიანმა 42 ქვეყნის 700- მდე სპორტსმენს უმასპინძლა და ჩატარდა 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. უშუალოდ ჩემპიონატისთვის კი აშენდა: სამი ახალი საბაგირო, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, დიდველი-კოხტა-მიტარბის არეალში დამონტაჟდა 30 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და მოეწყო 6 ახალი საშეჯიბრო გზა. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონამდე ლარის ინვესტიცია. წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. საქართველოს ისტორიაში, ასევე პირველად, 2024 წლის მარტში, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე "ფრირაიდის" მსოფლიო ტური ჩატარდება.

2023 წელს ქალაქებისა და კურორტების განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომელსაც ბიუჯეტიდან მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამის ფარგლებში, უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს რამდენიმე ქალაქში. პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეტალურად ისაუბრა.

საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში, 1 436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც ორჯერ მეტია 2013 წლამდე არსებული სასტუმროების რაოდენობაზე. შეიქმნა 85 ათასი ახალი საწოლი ადგილი. ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდი ლარია.

დღის ამბები