15 ოქტომბერი 2024,   22:12
ვრცლად
ერთი ადამიანის მიერ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა ჩეხეთში - 14 გარდაცვლილი და სასტიკი დანაშაულის შესაძლო მოტივი

ერთი ადამიანის მიერ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა ჩეხეთში - ასეთი მასშტაბის თავდასხმა ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. პრაღაში გლოვაა. კარლის უნივერსიტეტში ლექციებზე დასასწრებად მისული სტუდენტები სასტიკი თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. 21 დეკემბრის 15 საათი, შენობის დერეფნებსა და აუდიტორებში 24 წლის მამაკაცმა ყველასთვის მოულოდნელად, ავტომატით უმისამართო სროლა ატეხა. ვინც მოასწრო გაიქცა, თავდამსხმელმა კი 14 ადამიანის მოკვლა მაინც შეძლო, დაჭრა 25 - რამდენიმეს მდგომარეობა ახლაც კრიტიკულია.

გავრცელდა მობილურით გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ სასოწარკვეთილი სტუდენტები უნივერსიტეტის სახურავიდან გაქცევას. ერთ-ერთი მსხვერპლი შენობიდან ჩამოვარდნისას დაიღუპა, რამდენიმეს კი მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

თავდამსხმელი 24 წლის სტუდენტია, რომელმაც დილით მამა მოკლა, შემდეგ კურსელები დახოცა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პრაღის პოლიცია ახლა მოტივს ადგენს.

ჩეხეთის პოლიცია მუშაობს ვერსიაზე, რომ 24 წლის მსროლელი, დავიდ კოზაკი შთაგონებული იყო რუსეთში მომხდარი თავდასხმებით. ამ ვერსიის მიზეზი არის ტელეგრამის არხი, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ეკუთვნოდა და, რომელშიც, სავარაუდოდ, ის წერდა, რომ რუსეთში მომხდარი თავდასხმებით იყო შთაგონებული და მასაც სურდა მსგავსის რამის გამეორება.

ერთ-ერთი თავდასხმა, რომელმაც ის სავარაუდოდ შთააგონა, 2021 წელს მოხდა, ქალაქ ყაზანის გიმნაზიაში, სადაც თავდამსხმელი გიმნაზიაში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის 7 ბავშვი.

მეორე შემთხვევაც რუსეთში მოხდა, ბრიანსკის სკოლაში, 2023 წელს. ​14 წლის ალინა ბიოლოგიის გაკვეთილზე შევიდა და თანაკლასელი გოგო მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ამ შემთხვევაში, 24 წლის პრაღის მსროლელმა დავიდ კოზაკმა 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 25 კი დაჭრა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მსხვერპლი შეიძლებოდა უფრო მეტი ყოფილიყო. ჩეხეთის პოლიციამ უნივერსიტეტში კაზაკის კუთვნილი იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინა.

შესაბამისად, გაჩნდა კითხვები სამართალდამცავების მისამართით: როგორ მოახერხა ერთმა სტუდენტმა ამდენი იარაღის შეტანა უნივერსიტეტის შენობაში და შეესაბამება თუ არა ჩეხეთის უნივერსიტეტებში უსაფრთხოების ზომები რეალურ გამოწვევებს.

თუმცა, მთავარი გამოწვევა ახლა პოლიციისთვის არის ისიც, რომ 24 წლის თავდამსხმელს მიმდევრები უკვე გამოუჩნდნენ. ჩეხეთის პოლიციამ უკვე დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ისინი შთაგონებული იყვნენ პრაღელი მსროლელით. ერთ-ერთი ასეთი კომენტარის ავტორი 14 წლის მოზარდია, რომელიც ამბობდა, რომ სკოლაში სროლის მოწყობას აპირებდა. ის პოლიციამ დააკავა.

როგორც ჩანს, პრაღის მსროლელს მიმბაძველები ქვეყნის გარეთაც გამოუჩნდნენ. სლოვაკეთში პოლიციამ დააკავა 64 წლის მამაკაცი, რომელიც იმუქრებოდა, რომ პრაღის უნივერსიტეტში მომხდარს გაიმეორებდა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

ეს ტერაქტი შეფასებულია როგორც ნორვეგიის ყველაზე სისხლიანი ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ტერორისტმა 77 ადამიანი მოკლა.

2011 წლის ივლისში ბრეივიკმა ჯერ ოსლოს სამთავრობო შენობასთან ბომბი ააფეთქა და 8 ადამიანი ამოკლა, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე გაემგზავრა, სადაც ტერორისტმა იქ მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იყვნენ საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა და სროლა დაიწყო.

რამდენიმე მათგანმა გაქცევა ცურვით სცადა, თუმცა როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ტერორისტი მათ დამიზნებით ესროდა. შედეგად, ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა კუნძულზე, მათ შორის იყო, სამწუხაროდ, ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომელიც კუნძულზე საერთაშორისო ბანაკში მეგობართან ერთად იყო.

მაშინ გოგონას ოჯახი, მსხვერპლების სხვა ოჯახებთან ერთად ითხოვდნენ, რომ ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

2012 წელს ნორვეგიის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ბრეივიკს, ის დამნაშვავედ სცნო და 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ეს ვადა კანონით შესაძლებელია გახანგრძლივდეს, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ბრეივიკი საზოგადოებისთვის საფრთხეს ამჟამადაც წარმოადგენს.

როგორც ჩანს ასეა, რადგან ახლაც ბრეივიკი ისევ ნორვეგიის ციხეში ზის. მან რამდენჯერმე ითხოვა ვადაზე ადრე გათავისუფლება, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა.

მსხვერპლი მოჰყვა 2009 წლის მარტში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე სკოლაზე თავდასხმასაც, როდესაც ამავე სკოლის მოსწავლე, 17 წლის მოზარდი სკოლაში შეიჭრა და 15 ადამიანი მოკლა, მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლებიც. სროლის შემდეგ მან თავი მოიკლა.
ზოგიერთ ქვეყნებში, ახლა კი კონკრეტულად ჩეხეთში, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და როგორც ჩანს, ამას მომავალი წლიდან აპირებს.

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები