03 ივლისი 2024,   13:38
ვრცლად
ანდერს ბრეივიკი, ციხეში იზოლირებულად ყოფნის გამო, სასამართლოში ჩივის

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ყოფნის შეწყვეტის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს.

ბრევიკისა და მისი ადვოკატის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იზოლირებულად ყოფნა მის უფლებებს არღვევს. "ის ახლა თვითმკვლელობისკენაა მიდრეკილი", - აღნიშნავს ადვოკატი.

44 წლის ტერორისტს 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და, 10 წელზე მეტია, სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. ამ წლების განმავლობაში, ის არაერთხელ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - პერიოდულად, ტერორისტი ან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის უფლებას ითხოვს. ასევე, პრეტენზიას გამოთქვამს ციხის საკვებსა და იმაზე, რომ მიმოწერის უფლება აქვს შეზღუდული.

ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ქართველი გოგო - თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა.

დღის ამბები