16 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
ნიკა გვარამიას აღიარება - რას ამბობს "მთავარი არხის" დამფუძნებელი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ამავე პარტიის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, როგორც ჩანს პოლიტიკაში დაბრუნების გზად მისივე ყოფილი პარტიის შეცდომებზე ღიად საუბარი აირჩია. ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” მძიმე შეცდომებს უშვებდა და, რომ 2012 წლამდე - მაშინდელი ოპოზიციისთვის, სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო.

ამ ინტერვიუს შემდეგ ნიკა გვარამიას მედიასთან დამატებითი კომენტარი დღეს აღარ გაუკეთებია, თუმცა "გირჩი ტვ-ში" მისი სტუმრობა მსჯელობის თემა გახდა სოციალურ ქსელში. გვარამიამ გირჩის წევრებს ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში მის გარეშე გარჩევის გამო უსაყვედურა და მასპინძლების ამ ჟესტს ”სისუსტე და სასაცილო უწოდა”. მედია მენეჯერისგან მსგავსი რეაქციით გაკვირვებულია გადაცემის წამყვანი. ვახტანგ მეგრელიშვილმა ადრესატს პასუხი სოციალური ქსელითვე დაუბრუნა და უთხრა, რომ საჯარო პერსონის საჯარო ინტერვიუს გარჩევა ჩვეულებრივი ამბავია.

გვარამიას ინტერვიუს შემდეგ, ყოფილ მაღალჩინოსანს "ოცნების" წევრები ურჩევენ მძიმე შეცდომებზე საუბრის დროს გაიხსენოს, რა ხდებოდა ციხეებში მათ შორის მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს და რა პოზიცია აქვს მას გახმაურებულ მკვლელობებზე.

წარსულზე საუბარი ”ნაციონალური მოძრაობისთვის” დღეს არაკომფორტულია. ოპოზიციის სხვა ნაწილისთვის კი, გვარამიას აღიარებას სულ სხვა დატვირთვა აქვს.

გვარამიას ინტერვიუში სახელისუფლებო პარტია პოლიტიკურ აღიარებას ხედავს, თუმცა სინანულს არა. სწორედ ამის გამო, "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოზიციები საპარლამენტო უმრავლესობისთვის უტიფრობაა.

”ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი და საერთო წარსულია ის, რის გამოც მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არც გვარამიას და არც სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ყოფილი მმართველი პარტიისგან გამიჯვნას ცდილობენ - არჩევნებში პერსპექტივა არ აქვთ.

დღის ამბები