03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
MDF მთავრობის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთვის გადახდილ თანხებს ასაჯაროებს

მთავრობის კანცელარია და სხვადასხვა სამინისტრო ინფორმაციის გავრცელებისთვის, სარეკლამო და სხვა მომსახურებისთვის საინფორმაციო სააგენტოებს თანხებს უხდის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიის განვითარების ფონდმა გაავრცელა. ორგანიზაციამ ინფორმაციის გავრცელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

MDF-მა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მედიაზე კვლევა საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილი დოკუმენტების ანალიზით ჩაატარა. კერძოდ, გამოითხოვა სამინისტროების და მთავრობის კანცელარიის მიერ 2013-2014 წლებში მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხების ჯამური რაოდენობა, ასევე ინფორმაცია ინდივიდუალური მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ.

MDF-ის კვლევის თანახმად, 18-დან მხოლოდ 5 სამინისტრო (იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის და ფინანსთა სამინისტრო) არ სარგებლობს საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებით და მათი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობისას მხოლოდ რეკლამის ფორმას მიმართავს. ანგარიშის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებები ყველაზე მეტ საინფორმაციო სააგენტოსთან (8) აქვს გაფორმებული.

MDF-ის წარმომადგენლების თქმით, სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული შპს "ახალ ამბებთან" - სააგენტო ინტერპრესნიუსთან; მომდევნო ადგილზეა შპს "პირველი" - საინფორმაციო სააგენტო PIA (5 სამინისტრო).

ყველაზე დიდი წილი საინფორმაციო სააგენტოებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან 2013-3014 წლებში სწორედ ინტერპრესნიუსზე (IPN) (101 ათას 539 ლარი) მოდის, მომდევნოა GHN - 48 ათას 690 ლარი, PIA - 43 ათას 033 ლარი.

MDF-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სულ საინფორმაციო მომსახურების კონტრაქტების რაოდენობამ 254 ათას 774 ლარი შეადგინა;

კვლევის ავტორების შეფასებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 4 სააგენტოსთან (IPN, PIA, GHN, medianews.ge) წინასაარჩევნო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად პრემიერ-მინისტრის განკარგულების მითითება შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება მთავრობის დონეზეა კოორდინირებული.

"სამინისტროების უმეტესობაში (18-დან 13 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა საინფორმაციო სააგენტოებისთვის ანაზღაურების გადახდა ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება და მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელყოფს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას," - აღნიშნულია MDF-ის კვლევაში. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების არსებულ პრაქტიკას.

"შეიმუშაოს იმ ორგანიზაციათა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც საინფორმაციო კამპანიის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს და გამჭვირვალე გახადოს პროცესი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენება არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ ამა თუ იმ მედიასაშუალების დოტაციისთვის გამოიყენება; გამჭვირვალე და დეტალიზებული გახადოს დოკუმენტაცია მიღებული მომსახურების შესახებ, რათა გამოირიცხოს საბიუჯეტო სახსრების შიდა პარტიული კონფრონტაციის გაშუქების, ან კონკრეტულ ინდივიდებზე თავდასხმის მიზნით გამოყენება; სამინისტროებმა და სხვა საჯარო დაწესებულებებმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური სარეკლამო ბიუჯეტების შესახებ და გაწეული ხარჯების დეტალური ანგარიში," - ნათქვამია MDF-ის კვლევაში.

ამასთან, მედიის განვითარების ფონდი მიმართავს საინფორმაციო სააგენტოებს, დაიცვან პროფესიული სტანდარტი და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ სარედაქციო და სარეკლამო მასალა, რათა არ მოხდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და გამჭვირვალე გახდეს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები.

დღის ამბები