"ოცნებას, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, რომ თითქმის 60%-იანი რეიტინგი აქვს, სინამდვილეში, 35%-ის იმედიც კი არ აქვს და ამ კანონის მიღება სხვას არაფერს ნიშნავს,"- ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებებს, რომლის მიხედვით საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება.
მისივე განცხადებით, აუცილებელია, "ქართულმა ოცნებამ" მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ.
"ტყუილებში ჩაკარგული "ოცნება" ერთს ამბობს, სინამდვილეში, მეორეს აკეთებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიხედოს ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონებით ჭრა-კერვის მოგვარებას, დაიწყოს კონსტიტუციური ცვლილებები, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისათვის,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. სიახლის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება. პროექტის მიხედვით, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს და მეორე ტური აღარ ჩატარდება.
ასევე, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.