14 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"როდესაც არ გაქვს არავითარი ხელჩასაჭიდი, მარტივად ახსნადია, თუ რატომ ვერ თანამშრომლობენ ისინი საგამოძიებო უწყებებთან" - ავთანდილ კუნჭულია ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" წევრი, ავთანდილ კუნჭულია აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და ოპოზიცია ამ საკითხს საკუთარ ამომრჩეველთან თავის სამართლებლად იყენებს.

მისივე განცხადებით, სწორედ ამის დასტურია ის, რომ ოპოზიცია პროკურატურასთან ვერ თანამშრომლობს.

"რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ არავითარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს არჩევნების გაყალბებას, ვინაიდან ასეთი ბუნებაში არ მომხდარა. შესაბამისად, როდესაც არ გაქვს არავითარი ხელჩასაჭიდი, მარტივად ახსნადია, თუ რატომ ვერ თანამშრომლობენ ისინი საგამოძიებო უწყებებთან. მათ ერთადერთი დარჩენიათ - წაგებული არჩევნების შემდეგ, თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან და თავის მართლების ერთ-ერთი კარგი საშუალება არჩევნების არარსებულ გაყალბებაზე აპელირებაა", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, სასამართლოში დღეს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ანა წითლიძე და თინა ბოკუჩავა გამოიკითხონ.

გუშინ, 12 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში, პროკურატურის შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა საბა ბუაძემ და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ უპასუხეს.

პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს და ვერც ექნება.

დღის ამბები