14 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"გამოძიება პროკურატურის მიერ, რომლის დაკითხვის ადრესატები, ძირითადად, ამ ხელისუფლების ოპონენტები არიან, არის პოლიტიკური მასკარადი" - თამაზ დათუნაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და მას "პოლიტიკური მასკარადი" უწოდა. დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებას მმართველი გუნდი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"ხელისუფლება პროკურატურას ასეთი ფორმით იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოძიებას საფუძვლად არაფერი შეიძლება ედოს, რადგან გამოძიება პროკურატურის მიერ, რომელიც ეხება ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას, რომლის დაკითხვის ადრესატები, ძირითადად, ამ ხელისუფლების ოპონენტები არიან, არის პოლიტიკური მასკარადი,"- განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, სასამართლოში დღეს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ანა წითლიძე და თინა ბოკუჩავა გამოიკითხონ.

გუშინ, 12 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში, პროკურატურის შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა საბა ბუაძემ და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ უპასუხეს.

პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს და ვერც ექნება.

დღის ამბები